შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ლექსო ლაშქარავა გუშინ სახლში არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა.
“ალექსანდრე ლაშქარავა მიმდინარე წლის 10 ივლისს, 15:28 სთ-ზე, მოპედით ტოვებს საცხოვრებელ მისამართს.
15:31 სთ-ზე მეგობართან ერთად შედის ბახტრიონის ქუჩაზე ერთ-ერთ აფთიაქში. აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ იწყებს გადაადგილებას ფონიჭალის დასახლების მიმართულებით, სადაც ფიქსირდება 16:31 სთ-ზე.
აღნიშნულის შემდეგ ფონიჭალიდან მოდის ორთაჭალაში და მოგვიანებით 19:41 სთ-ზე ისევ ბრუნდება ფონიჭალაში. საიდანაც გადაადგილდება „დედა ენის ბაღის“ მიმართულებით, სადაც დაჰყო გარკვეული პერიოდი, ხოლო 00:10 სთ-ზე ბრუნდება საბურთალოს ტერიტორიაზე საცხოვრებელ მისამართზე, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში”,- აცხადებს უწყება.
ცნობისთვის, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც პუტინისტებმა 5 ივლისს სასტიკად სცემეს, დღეს გარდაიცვალა.