ლელო თბილისის მერობის კანდიდატს 23 აგვისტოს წარადგენს – ჯაფარიძე

ლელო 23 აგვისტოს, ორშაბათს თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს. ამაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ისაუბრა.

“ჩვენ ორშაბათს გვექნება წარდგენა, ვგულისხმობ თბილისის ნაწილს და შემდგომი კვირა მიეძღვნება სხვადასხვა რეგიონში ჩვენი კანდიდატების წარდგენას. ჩვენ შევდივართ აქტიურ ფაზაში წინასაარჩევნო კამპანიის. მთელი ეს დრო გამოვიყენეთ იმისთვის, რომ მოგვემზადებინა შესაბამისი ინფრასტრუქტურა ყველგან და გვეწარმოებინა კონსულტაციები ჩვენს კოლეგებთან. რიგ ოლქებში იქნა საინტერესო შეთანხმებები მიღწეული”, – განაცხადა ჯაფარიძემ ფორმულას ეთერში.

მისივე თქმით, ზოგიერთ რეგიონში ოპოზიციას საერთო კანდიდატს დაუჭერენ მხარს.

“ჩვენ ამ არჩევნებზე გავდივართ ცალკე, როგორც ლელო საქართველოსთვის, რიგ რეგიონებში ალბათ არ გვეყოლება მერობის კანდიდატები გამომდინარე მიზანშეწონილობიდან. არის რეგიონები, სადაც იქნება მხოლოდ ლელოს კანდიდატი, არის რეგიონები, სადაც იქნებიან ლელოს კანდიდატებიც და სხვა ოპოზიციური კანდიდატებიც. საკმაოდ განსხვავებული მიდგომები გვაქვს თითოეული რეგიონის მიმართ”, –  აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციის დიდი ნაწილის საერთო კანდიდატი თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელიაა, საკრებულო თავმჯდომარეობისთვის ელენე ხოშტარია იბრძოლებს, ხოლო ვიცე-მერობისთვის – ცოტნე კობერიძე.