პარტია “ლელო საქართველოსთვის” მზად არის უკრაინაში გაემგზავროს, როგორც “ქართული ოცნების” დელეგაციასთან, ასევე ოპოზიციურ პარტიების დელეგაციასთან ერთად. ამის შესახებ, პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან და ზოგადსაკაცობრიო იდეალებიდან გამომდინარე, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყების პირველი დღიდან „ლელო“ აქტიურად მონაწილეობს უკრაინის მხარდასაჭერ ყველა ღონისძიებაში, მიუხედავად მათი ორგანიზატორისა და ფორმატისა. ვთვლით, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტი უნდა გახდეს უდიდეს განსაცდელში მყოფი უკრაინელი ხალხისადმი სრულიად საქართველოს თანადგომის უპირობო დემონსტრირების დასაწყისი. სამწუხაროდ, ეს ხდება თვენახევრის დაგვიანებით და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის მიყენებული უდიდესი ზიანის შემდეგ, რომელსაც გამოსწორება სჭირდება, მათ შორის, ჩვენი ძალისხმევითაც.
შესაბამისად, ჩვენი წარმომადგენელი მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს როგორც ოპოზიციური პარტიების დელეგაციაში, ისე პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილ ვიზიტში უკრაინაში”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილის კაბინეტში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ უკრაინაში ოპოზიციის დელეგაცია ცალკე წავა, ხელისუფლების – ცალკე. დეკანოიძე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან იყო “გარკვეული შემოთავაზებები, თუმცა – ალოგიკური”.