“ლელო” ცაგერში გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატს მხარს დაუჭერს

პარტია “ლელო” ცაგერში გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ, “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ “ფორმულას” ეთერში განაცხადა და განმარტა რომ ახლა მნიშვნელოვანია “იმაზე მაღლა დავდგეთ ვიდრე პიროვნული ამბებია”

ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ცაგერში ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატს მხარს დაუჭერენ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ “იმაზე მაღლა დავდგეთ, ვიდრე პიროვნული ამბებია”.

“მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა პირადად ბატონ გახარიას მიმართ, ჩვენ ცაგერში მის კანდიდატს მხარს დავუჭერთ. იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმაზე მაღლა დავდგეთ, ვიდრე პიროვნული ამბებია, იმიტომ, რო პიროვნული ამბები გაირკვევა, დამალული არაფერი არ იქნება.

ხაზარაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიასთან, როგორც ქვეყნის ყოფილ პრემიერთან ბევრი კითხვა აქვს:

“20 ივნისი და ბევრი სხვა რაღაცა, ეს ვიგულისხმე მე იმიტო, რო არ გეგონოთ, რო რაღაც პიორვნულ რაღაცაზე ვსაუბრობ, რა. მე ვლაპარაკობ ქვეყნის ყოფილ პრემიერზე, რომელთანაც ბევრი კითხვა მაქვს, როგორც მოქალაქეს და როგორც ადამიანს, რომელსაც სხვა ურთიერთობა ჰქონდა… რა თქმა უნდა, არცერთი პირადი საკითხი არ არის, ეს არის ქვეყნის საკითხი ყველა, ამიტომ ჩემი გადასახედიდან, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ და ვისწავლოთ იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე პოლიტიკაა; იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე წყენაა იმიტო, რო ადრე თუ გვიან ყველაფერი ნათელი უნდა გახდეს. მე ვენდეტას კი არ ვითხოვ, ვითხოვ, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რა მოხდა რეალურად, ვინ როგორ იმოქმედა: სახელმწიფოებრივად თუ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ” – განაცხადა ხაზარაძემ.