პოლიციამ ქუთაისში “ლელოს” წევრზე თავდასხმის და ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ბრალდებულმა, ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს.
დაშავებულ მამაკაცს სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია”
ბრალდებულს 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ქუთაისში “ლელოს” შტაბის წევრსფიზიკურად გუშინ გაუსწორდნენ. პაატა კიკაბიძე ანა ნაცვლიშვილის საარჩევნო შტაბის წევრია. ნაცვლიშვილის განცხადებით, პაატა კიკაბიძეს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, მათ შორის სახის არეში.
“ლელოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი საქმის დროულ გამოძიებას მოითხოვს. მისი თქმით, მომხდარ ინციდენტს პოლიტიკური მოტივი აქვს.
“კატეგორიულად მოვითხოვ სამართალდამცავი ორგანოებისგან, სრულყოფილად იქნეს ეს საქმე გამოძიებული. ჩემი ინფორმაციით, ახლა რამდენიმე ადამიანი არის დაკავებული და მიმდინარეობს მათი დაკითხვა. სასწრაფოდ უნდა მოხდეს კამერების ამოღება. დაყოვნება შეფასებული იქნება როგორც საქმის მიჩქმალვის მცდელობა. სასწრაფოდ იქნეს ბრალში ასახული სრულყოფილად ის პოლიტიკური მოტივაცია, რომელიც ამ საქმეს თან სდევს,” – განაცხადა პარლამენტის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარტიიდან “ლელო საქართველოსთვის” ანა ნაცვლიშვილმა.