ლიბანის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იტყობინება ლიბანის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით.
უახლოეს საათებში ლიბანის პრემიერ-მინისტრი საგანგებო პრესკონფერენციას ჩაატარებს, საიდანაც აცნობებს ქვეყანას მთავრობის გადადგომის შესახებ.
ჰასან დიაბი მოსხლეობას ბეირუთის დროით საღამოს 7:30-ზე მიმართავს და გადაგომის შესახებ ოფიციალურად იტყვის.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მძლავრი აფეთქების შემდეგ, ქვეყანა საპროტესტო ტალღამ მოიცვა.
მასშტაბური საპროტესტო აქციების მონაწილები მომხდარ აფეთქებას აპროტესტებენ, ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.
ბეირუთის პორტში მძლავრი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. ინციდენტის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის რადიუსში დაზიანდა სახლები. დაიღუპა 160-მდე ადამიანი. სამაშველო-საძიებო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ის კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაშიც გაიგეს. ნიქოზია ბეირუთიდან 250 კილომეტრში მდებარეობს.
ლიბანის პრეზიდენტის განცხადებით, აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ ინახებოდა.