ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა საბჭოურ მენტალიტეტს ვერ დააღწიეს თავი – მთავრობა

ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა საბჭოურ მენტალიტეტს ვერ დააღწიეს თავი – საქართველოს მთავრობა ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ ქართული ოცნების წევრებისა და მათი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ეხმაურება.

“საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების აღნიშნულ ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს. თუმცა, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო, ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ჩვენი გადაწყვეტილებაა, ორივე სახელმწიფოსთან დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რათა ჩვენი მხრივ არ შევუქმნათ საფრთხე ტრადიციულ მეგობრობას ქართველ, ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს შორის.

ფართოდ არის ცნობილი, რომ ესტონეთი და ლიეტუვა არიან სახელმწიფოები, რომლებსაც ევროკავშირის მასშტაბით დღეს ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული სუვერენიტეტი და რომელთა მთავრობები არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ აღნიშნული სახელმწიფოების მთავრობები იძულებული არიან, საკუთარი ღირსების წინააღმდეგ იმოქმედონ. სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის 33-წლიანი ისტორიის მიუხედავად, ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა საბჭოურ მენტალიტეტს დღემდე ვერ დააღწიეს თავი.

ჩვენს მეგობარ ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს ვუსურვებთ სუვერენიტეტის განმტკიცებას და ყოველივე საუკეთესოს 2025 წელს”- ნათქვამია განცხადებაში.