ბრიტანეთის პრემიერ მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ თუ პრემიერ მინისტრი გახდება, მისი პირველი ზარი იქნება ზარი ზელენსკისთან. ჟურნალისტებმა ლიზ ტრასს დაუსვეს კითხვა, მართალია თუ არა, რომ მან ასეთი რამ თქვა. ტრასმა დაადასტურა, რომ ასე მოიქცევა.
გარდა ამისა, ბრიტანეთის პრემიერობის კანდიდატმა თქვა, რომ უნდა რაც შეიძლება მალე ჩავიდეს უკრაინაში და აჩვენოს მის მოქალაქეებს, რომ ბრიტანეთი მომავალშიც სრულ მხარდაჭერას აღმოუჩენს უკრაინას. ტრასს არ დაუკონკრეტებია, როდის აპირებს ვიზიტს უკრაინაში, თუმცა თქვა, რომ ეს “რაც შეიძლება მალე მოხდება.“
გაერთიანებული სამეფოს კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვინაობა სულ რამდენიმე დღეში, 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. 6 სექტემბერს კი პრემიერს დედოფალი ელისაბედ მეორე დანიშნავს.
ბუკინგემის სასახლის განცხადებით, დედოფალი წელს ტრადიციას დაარღვევს. 6 სექტემბერს ის როგორც ბორის ჯონსონს, ისე ახალ პრემიერს არა ლონდონში მდებარე ბუკინგემის სასახლეში, არამედ შოტლანდიაში, ბალმორალის კოშკში უმასპინძლებს. 96 წლის მონარქს რამდენიმე თვეა გადაადგილების პრობლემა აქვს, ის ზაფხულს შოტლანდიაში ატარებს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერის პოსტისთვის მიმდინარე ორთაბრძოლაში ლიზ ტრასი – საგარეო უწყების ხელმძღვანელი და რიში სუნაკი – ყოფილი ფინანსთა მინისტრი არიან ჩართული. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მათ შორის გამოკვეთილად ლიდერობს ლიზ ტრასი.