ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კატალონიის “ბარსელონა” დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბი უკვე ოფიციალურად ადასტურებს და განცხადებას ავრცელებს. კლუბმა ვერ მოახერხა არგენტინელ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმება, მიზეზი კი ფინანსური წესები გახდა.
„მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა და ლეო მესიმ მიაღწიეს შეთანხმებას და გეგმავდნენ ახალი კონტრაქტის გაფორმებას, ფინანსური და სტრუქტურული წინაღობების გამო, რომელიც ლა ლიგას წესებს უკავშირდება, ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაფორმება შეუძლებელი გახდა.
ამასთან დაკავშირებით, ლიონელ მესი აღარ ითამაშებს „ბარსელონაში“. მხარეები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ კლუბისა და ფეხბურთელის სურვილის ასრულება არ მოხერხდება“, – წერია კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა კარიერა სწორედ კატალონიის “ბარსელონაში” დაიწყო და 21 წელი კლუბის ღირსებას იცავდა. მას სხვა კლუბში აქამდე არასდროს უთამაშია და ახლა ის თავისუფალი აგენტი გახდა.
არგენტინელმა თავდამსხმელმა „ბარსელონაში 778 მატჩი ჩაატარა და 672 გოლი გაიტანა. მან 10-ჯერ მოიგო ლა ლიგა, 7-ჯერ ესპანეთის თასი, ასევე 7-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, სამ-სამჯერ კი ევროპის სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი.