ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს პერსპექტივა არ აქვს.
მისი თქმით, პირველი მარტიდან უნდა ამოქმედდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შედეგად შექმნილი პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური და თოლორაიას სარჩელი დღის წესრიგს ვერ შეცვლის.
“სარჩელის შეტანა ყველას შეუძლია, მაგრამ ეს, ბუნებრივია, ვერ განაპირობებს პარლამენტის დღის წესრიგს. პარლამენტს აქვს თავისი დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც, ამ კვირაში უკვე განიხილება ეს საკითხი როგორც კომიტეტის სხდომებზე, ასევე პლენარულ სხდომაზე.
სარჩელი როდის განიხილება, ეს არავინ იცის. პარლამენტს აქვს მისაღები გადაწყვეტილება. კანონის თანახმად, პირველ მარტს უკვე უნდა ამოქმედდეს ორივე სამსახური. ერთი, რომ ამ სარჩელს პერსპექტივა არ აქვს კონკრეტული სამართლებრივი მიზეზების გამო, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ უნდა მივყვეთ კანონის ვადებს. ვადების თანახმად, პირველ მარტამდე ორივე სამსახური უნდა ამოქმედდეს”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ 25 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა სამსახურის გაუქმების საკითხზე.