ლუკაშენკო აბალანსებს რუსეთის შეჭრის მხარდაჭერას 3 რისკის გამო – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, თვის დასაწყისში სავარჯიშო აქტივობის შემდეგ, ბელარუსმა გამოაცხადა სპეციალური ოპერაციების ძალების განლაგება უკრაინის საზღვრის გასწვრივ, ასევე საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო და სარაკეტო დანაყოფების საწვრთნელ პოლიგონებზე გადაყვანა ქვეყნის დასავლეთში.

დაზვერვის შეფასებით, ბელარუსის ჯარების საზღვართან ყოფნა, სავარაუდოდ, შეაკავებს უკრაინულ ჯარებს, ამიტომ ისინი ვერ განლაგდებიან დონბასში ოპერაციების მხარდასაჭერად.

უწყების განმარტებით, ადრეული ვარაუდების მიუხედავად, ბელორუსის ძალები დღემდე არ ყოფილან უშუალოდ ჩართული კონფლიქტში.

“თუმცა, ბელარუსის ტერიტორია გამოიყენებოდა რუსეთის თავდაპირველი წინსვლისთვის კიევსა და ჩერნიგოვში. რუსეთმა ასევე განახორციელა საჰაერო დაბომბვა და სარაკეტო დარტყმები ბელარუსიდან.

ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო, სავარაუდოდ, აბალანსებს რუსეთის შეჭრის მხარდაჭერას, რათა თავიდან აიცილოს ომში პირდაპირი სამხედრო მონაწილეობა დასავლეთის სანქციების, უკრაინის შურისძიებისა და ბელორუსის სამხედროების შესაძლო უკმაყოფილების რისკის გამო”,– ვკითხულობთ განცხადებაში.