ბელარუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ობიექტებისა და ფორმირებების განთავსების ნებართვა გასცა. გაცემული ნებართვა 2024 წლის 6 დეკემბერს, მინსკში დადებული უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების ნაწილია.
დადებული შეთანხმება მოიცავს ე.წ. ბირთვული ქოლგის შექმნას, რომელიც ორი სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობის დაცვას ემსახურება.
რუსეთისა და ბელარუსის ორმხრივ შეთანხმებას 10-წლიანი ვადა აქვს.
მანამდე, უკრაინის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებდა, რომ პუტინი უახლოეს მომავალში ბელარუსში ჯარების განლაგებასა და ომში ბელარუსის ჩათრევას გეგმავს, რითიც პუტინი შეეცდება პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების “დააშინებას”.
- “ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, რამდენი დახარჯონ [მშპ-ს წილის სახით თავდაცვაში]. ეს მათივე უსაფრთხოებისთვისაა. პუტინის ამბიციებით, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ის ყველაფერს აკეთებს, რათა ომი გაგრძელდეს. ის უფრო შორსაც წავა და სხვა ქვეყნებზეც იფიქრებს.[…] ეს უბრალოდ მეტი რიტორიკა არ არის. თქვენ დაინახავთ, გაზაფხულზე, ზაფხულში ან შემოდგომაზე, [პუტინი] ბელარუსის ტერიტორიაზე ჯარებს განალაგებს. და ბევრი ევროპელი და ალბათ აშშ-ც იტყვის, რომ ეს დაშინების [მცდელობაა]. ეს არის პოლონეთის, ლიტვის და სხვა ბალტიისპირელი პარტნიორების დაშინების მცდელობა.[…] თუმცა, ჩემი აზრით, ისინი [ბელარუსი] ომში უკვე ყოფილან, მაგრამ არა მათი ხალხი ან არმია. ჯერჯერობით. მაგრამ პუტინს ეს ძალიან სურს. შესაბამისად, ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის შევაჩეროთ”. – თქვა პრეზიდენტმა.