ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ Covid19 გადაიტანა. ის ყოველთვის სკეპტიკურად ეკიდებოდა კორონავირუსს.
“ბოდიშს გიცდით ჩემი ხმისთვის. ბოლო დროს ბევრი ლაპარაკი მიწევს. მაგრამ, ყველაზე საოცარი ის არის, რომ დღეს თქვენ ხვდებით ადამიანს, რომელმაც კორონავირუსი ფეხზე გადაიტანა. ასეთი დასკვნა გააკეთეს გუშინ ექიმებმა. უსიმპტომოდ გადავიტანე“– ციტირებს პრეზიდენტს სააგენტო ბელტა.
ბელორუსის პრეზიდენტი იმით არის ცნობილი, რომ ყველას მოუწოდებდა პანდემიის საფრთხე არ გაეზვიადებინათ. 9 მაისს მინსკში გამარჯვების აღლუმიც შედგა, როცა მაგალითად მოსკოვში აღლუმი ივნისისთვის გადაიტანეს. ბელორუსის ფეხბურთის ჩემპიონატი ერთადერთი იყო ევროპაში, რომელიც კორონავირუსის გამო არ შეჩერებულა.
ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი არ გამოუცხადებიათ. ქვეყნის საზღვრები არ ჩაუკეტავთ. ბელორუსთან საზღვარი სხვა ქვეყნებმა – რუსეთმა, პოლონეთმა, ლიტვამ, ლატვიამ და უკრაინამ ჩაკეტეს.
განცხადება იმის შესახებ, რომ კორონავირუსი გადაიტანა ლუკაშენკომ შსს–ს ძალების საბრძოლო ნაწილში სტუმრობისას გააკეთა.
“როგორც ვამბობდი, ჩვენი მოსახლეობის 97 %–ს ეს ინფექცია უსიმპტომოდ გადააქვს. მადლობა ღმერთს, მოვახერხე ამ უსიმპტომოების კოჰორტაში მოხვედრა. ბოლოს და ბოლოს მეც მოვხვდი ბელორუსის ამ ოქროს ფონდში“– იხუმრე ბელორუსის პრეზიდენტმა.
28 ივლისის მდგომარეობით ბელორუსში 67 000–ზე მეტი კოვიდ ინფიცირებულია დარეგისტრირებული. პანდემიის პერიოდში სულ 543 პაციენტი გადაიცვალა.