“მადლობა მოწვევისთვის, მაგრამ ვერ მივიღებ მონაწილეობას საზეიმო ღონისძიებაში “- პარტია ”კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ორბელიანების სასახლეში სადღესასწაულო მიღებასთან დაკავშირებით მოსაწვევი მიიღო. ჩარკვიანი ასევე აცხადებს, რომ რადგან დღევანდელი შეხვედრა არ მოიცავს განხილვას ან საუბრის დაწყებას ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, ვერ მიიღებს საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას.
”მირეკავენ მეკითხებიან და ამიტომ ვწერ: დიახ, მივიღე მოსაწვევი , პრეზიდენტ ზურაბიშვილის რეზიდენციაში ამ საღამოს სადღესასწაულო მიღებაზე.
რა თქმა უნდა დიდი მადლობა მიწვევისთვის, ყოველთვის ნებისმიერ დიალოგს მივესალმები, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ რადგან მივიღე ინფორმაცია, რომ დღევანდელი შეხვედრა არ გასცდება სადღესასწაულო ფორმატს და დაგეგმილი არ არის და ამ ფორმატში არ შედის მყისიერი განხილვა ან საუბრის დაწყება , ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს, ჩიხში შესულ ვითარებაზე, თავს შევიკავებ და ვერ მივიღებ მონაწილეობას სადღესასწაულო -საზეიმო ღონისძიებაში.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მიწვევისთვის და მზად ვარ უახლოეს მომავალში, პოლიტიკური დიალოგის შესაბამის ფორმატში აქტიური მონაწილეობა მივიღო, ქვეყნის განვითარების და ამ მხრივ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან , პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთშეთანხმების მიღწევის გზაზე.”- წერს თაკო ჩარკვიანი.