საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალ შტამზე საუბრისას ამბობს, რომ მუტაციური პროცესი კარგია.
“ეს ვირუსი, ახალი შტამი არ არის საშიში, ის არის საყურადღებო. ვირუსი ზუსტად ისევე ვრცელდება როგორც ძველი შტამი. ბიძაშვილ მამიდაშვილები არიან, ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ადაპტირება განიცადა და ადამიანებს შორის უფრო კარგად მრავლდება, უფრო კომფორტულად გრძნობს თავს…
მუტაციები, რომელიც ხდება პრინციპში კარგია, რადგან ვირუსი კარგავს ძალას და ფაქტობრივად, არც ისე დამაზიანებელი ხდება. ანუ ისეთი აგრესიული არ არის, რაც ძალიან კარგი ამბავია…
მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეიძლება კიდევ განიცადოს მუტაცია და თავი დაგვანებოს, ეს ვირუსი არის სეზონური”, – განაცხადა ფხაკაძემ.
მისივე თქმით, რატომ არის კორონავირუსი სეზონური ვირუსი, არავინ იცის, თუმცა ფაქტია, რომ სეზონურია.
“ნახავთ, მაისის ბოლოს ჩვენი რეანიმაციული საწოლები გათავისუფლდება. გაიხსენებთ ჩემს სიტყვებს. მაისამდე რამენაირად გავძლოთ. მაისის შემდეგ ზაფხული გვექნება ძალიან კარგი. ვირუსი იქნება, მაგრამ არ იქნება ძლიერი. იმედია, ამ მუტაციის შედეგად სექტემბერში უკვე დავამთავრებთ ამ კოვიდის თემას. ყველანი დავიღალეთ. მაგრამ სიფრთხილე მაინც გვინდა”,– თქვა გიორგი ფხაკაძემ.