“პირველი ეტაპი “ფაიზერთან” მოლაპარაკებების დასრულებულია, ვმუშაობთ მეორე ეტაპზე და მალე გვექნება შესაძლებლობა საზოგადოებას კონკრეტული დეტალები გავაცნოთ”, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. თამარ გაბუნიას განმარტებით, “ფაიზერის” მილიონზე მეტი დოზის ჩამოსვლის თარიღი მალე დასახელდება.
“ასევე მიდის მუშაობა “სინოფარმთან”, “სინოვაკთან” დამატებითი დოზების მობილიზაციაზე და კოვაქსის პლატფორმიდან Johnson&Johnson-ის და “ნოვოვაქსის”. “ნოვოვაქსის” შემოსვლის პერიოდს სექტემბრიდან ასახელებს კოვაქსის პლატფორმა. ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა ვაქცინების, ამისი ადმინისტრირებისთვის განიხილება დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების და პროგრამაში ჩართვის საკითხი. ის დაწესებულებები, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში, განსაკუთრებით თბილისში, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს მოთხოვნა სრულად. დღეს “სინოვაკის” დოზებიც არის თბილისში საკმარისი, თუმცა რიგ შემთხვევაში ვერ ხერხდება დარეგისტრირება, რიგის დაჯავშნა, რადგანაც არ არის შესაბამისი ადგილები, შესაბამისად, ეს დაწესებულებები ეტაპობრივად დაემატება”, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.