მამაკაცმა ბრიტანეთში მიგრანტთა ცენტრს მოლოტოვის კოქტეილები ესროლა და თავი მოიკლა

უცნობმა მამაკაცმა 3 ბოთლი მოლოტოვის კოქტეილი ესროლა მიგრანტების ცენტრს სამხრეთ ინგლისის პორტ დუვრში. ამის შემდეგ კი თავი მოიკლა. ამის შესახებ სააგენტო როიტერის ფოტოგრაფმა განაცხადა, რომელიც ტრაგედიის თვითმხილველი გახდა.

თავდამსხმელი ცენტრს დილით დაახლოეით 11:20 საათზე ჯიპით მიუახლოვდა. შემდეგ 3 ბოთლი “მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა, საიდანაც ორს ცეცხლი მოეკიდა.

ამის შემდეგ ის ავტომობილით უახლოეს ბენზოგასამართ სადგურთან წავიდა, მეტალის ბოძს თოკი მიაბა, რომლის ყულფი კისერზე ჩამოიცვა და მანქანა დაძრა.

მოწმე ბრაიან ვუდი ყვება, რომ დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე იყო მიგრანტთა ცენტრიდან, როცა სამი აფეთქების ხმა გაიგო და კვამლი დაინახა.

ამის შემდეგ კი ყვირილის და სიგნალიზაციის ხმა გაიგო.

კენტის საგრაფოს პოლიცია აღნიშნავს, რომ ხანძრის შედეგად ცენტრში 1 ადამიანი დაშავდა. თავდამსხმელის ვინაობა მოგვიანებით გაირკვა.

ბიბისის რადიოს ინფორმაციით, პოლიციამ მამაკაცის სიკვდილი არ დაადასტურა. გამოძიება გრძელდება. თავდასხმის მოტივები უცნობია.

თავდასხმა დაემთხვა მწვავე პოლიტიკურ დებატებს დიდ ბრიტანეთში მიგრანტების მიღებასთან დაკავშირებით. ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ლა–მანშის სრუტის გადალახვის გზით დიდ ბრიტანეთში შეღწევას ცდილობენ.

სწორედ მიგრანტთა ამ კომპლექსში მიჰყავთ ადამიანები, რომლებმაც ლა–მანში პატარა ნავებით გადალახეს. დღევანდელ ინციდენტს წინ უძღვოდა 29 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში 1000-მდე ადამიანის ამ გზით ჩასვლა.