უკრაინული მხარე ადასტურებს, რომ რუსეთის ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის (РХБЗ) უფროსის, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვის მკვლელობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) სპეცოპერაცია იყო. ინფორმაციას უკრაინული მედია Українська правда საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს თქმით, სკუტერი, რომელშიც ასაფეთქებელი იყო დამონტაჟებული, მაშინ აფეთქდა, როცა კირილოვი საკუთარ დამხმარესთან ერთად სადარბაზოში შედიოდა.
“კირილოვი იყო ომის დამნაშავე და სავსებით კანონიერი სამიზნე, რადგან მან უკრაინელი მებრძოლების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ნებართვა გასცა.” – თქვა მედიის წყარომ.
იგორ კირილოვი საკუთარ დამხმარესთან ერთად 17 დეკემბერს, მოსკოვში საკუთარ საცხოვრებელ სახლთან აფეთქების შედეგად მოკვდა.
გასულ ღამეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი გენერალი სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილად ცნო.
ამასთანავე, გენერალ-ლეიტენანტი აქტიურად ავრცელებდა დეზინფორმაციას ლუგარის ლაბორატორიაზე. ის აცხადებდა, რომ ღორის გრიპი ლუგარის ლაბორატორიაში შეიქმნა. ასევე ავრცელებდა დეზინფორმაციას, რომ აშშ ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობს ახალ ვირუსზე, რომლის გადამტანები ღამურები არიან.