ველოდები, როდის დაწერს იაგო ხვიჩია სიის ჩახსნის შესახებ განცხადებას – ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ის მანდატზე უარს ამბობს, თუმცა ელოდება გირჩის ფორმალური თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას მიერ სიების ჩახსნასთან დაკავშირებულ განცხადების დაწერას.

მისი თქმით, სიების ჩახსნის გარეშეც მანდატზე უარს იტყვის, თუმცა ეს პროცედურულად დროში გაიწელება.

“ცხადია, მე მანდატზე უარს ვამბობ. უბრალოდ, ჩვენ შემთხვევაში, რომ გავიყავით, „გირჩის“ ფორმალური თავმჯდომარე არის იაგო ხვიჩია, მას უნდა დაეწერა სიის ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადება და შემდეგ, უკვე გამსვლელ ნაწილში ვინც იყო – 4 ადამიანს მიემართა პარლამენტისთვის, მე ვარ იმ ოთხ ადამიანში. მე რომ ახლა, ვიდრე სია არ არის ჩახსნილი დავწერო, რამდენადაც ვიცი, პროცედურა დროში გაიწელება. ველოდები, როდის შეიტანენ განაცხადს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სიის ჩახსნასთან დაკავშირებით. ცესკომ უნდა დააკმაყოფილოს და ამის შემდეგ განცხადებას დავწერ.

მე უნდა დავწერო განცხადება მანდატზე უარის თქმაზე, უბრალოდ, მე რომ ახლა ეს გავაკეთო პროცედურა დროში გაიწელება, ჯერ სია უნდა ჩაიხსნას და შემდეგ უნდა დავწერო განცხადება, როგორც ეს ოპოზიციურმა პარტიებმა გააკეთეს. მათ ჯერ სია არ ჩაუხსნიათ. დაველოდები, თუ არ ჩახსნიან, დავწერ განცხადებას, დროში გაიწელება , თუ რაც იქნება, უკვე ჩემი პრობლემა არ იქნება” ,- განაცხადა ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

ცნობისთვის, პარტია გირჩი რამდენიმე დღის წინ გაიყო. ზურაბ ჯაფარიძემ იაგო ხვიჩიასთან და ვახო მეგრელიშვილთან პოლიტიკური თანამშრომლობა გაწყვიტა.

ამ დროისთვის საპარლამენტო მანდატებზე უარი არ უთქვამს პარტია მოქალაქეებს, გირჩს და პატრიოტთა ალიანსს.