მარიუპოლიდან გამოქცეული მცხოვრები ამბობს, რომ დარჩენილებს უიმედობის განცდა აქვთ და ხშირად სუიციდზე ფიქრობენ

მარიუპოლში, რუსი ჯარისკაცები საკვებ პროდუქტებს სუპერმარკეტთან შეკრებილ მოსახლეობას ურიგებენ.

The New York Times-ი მარიუპოლიდან გაქცეულ, მაცხოვრებელზე დაყრდნობით იუწყება, რომ ალყაშემორტყმულ ქალაქში, მოსახლეობას უიმედობის განცდა აქვს და ხშირად თვითმკვლელობაზე ფიქრობენ.

უკრაინის ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლში, ცხოვრება ერთი სუპერმარკეტის გარშემო ტრიალებს. სუპერმარკეტი სახელად “მეტრო” არის ერთ-ერთი ადგილი ქალაქში, რომელიც ჯერ რუს სამხედროებს არ გაუნადგურებიათ. უყვება NewYork Times-ს ფსიქოლოგი ელენა გიბერტი, რომელიც მარიუპოლში 2 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ის სულ ახლახან ჩავიდა, უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში თავის თინეიჯერ შვილთან ერთად და გამოცემას უყვება თუ  რა გადაიტანა მარიუპოლში რუსული დაბომბვისა და ოკუპაციის ორი თვის განმავლობაში.

”ყოველ დილით, დაახლოებით დილის 6 საათზე, მოსახლეობას რუსი ჯარისკაცები აღვიძებდნენ და რუსეთის ეროვნულ ჰიმნს ასმენინებდნენ შემდეგ, კი სეპარატისტული უკრაინის რეგიონის ჰიმნს, რომელიც ცნობილია დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახელით.

რუსი ჯარისკაცები მაცხოვრებლებს ხელებზე ნომრებს აწერდნენ და შემდეგ მთელი დღე ელოდებოდნენ საკვების ყუთის მიღებას.

ყუთში როგორც წესი, არის მაკარონი, ბრინჯი, შვრიის ფაფა, დაკონსერვებული ხორცი, ტკბილი და შედედებული რძე, შაქარი, კარაქი. ეს ყველაფერი 1 თვე უნდა იმყოფინო მაგრამ რთულია როცა ამ საკვების ულუფას მოზარდ ბიჭთან ერთად იყოფ.” – ამბობს გიბერტი.

”ჩვენი ბინა ჯერ კიდევ ნაწილობრივ ხელუხლებელია,” – თქვა მან. ”ერთ მხარეს, ჩვენ ყველა ფანჯარა გვაქვს.”

ელენა გიბერტი აცხადებს, რომ მარიუპოლში ადამიანების უმეტესობა სასოწარკვეთილია და არაქვთ იმედი რომ ქალაქს დატოვებენ. მისი თქმით, სუპერმარკეტ “მეტროს” ავტოსადგომთან ავტობუსები ყოველთვის დგანან, რომლებიც რუსეთში წასვლის მსურველებს ელოდებიან. “ამას ბევრი აკეთებს” – ამბობს გიბერტი.

მაგრამ მათ, ვისაც სურს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამგზავრება ასეთი შეთავაზება არ აქვთ.

”ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ახლა სურს უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე წასვლა და მათ არ იციან როგორ,” – თქვა გიბერტმა. “არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან ფეხით წავიდნენ.”

ელენა აღწერს მარიუპოლის მოსახლეობაში “უიმედობისა და სასოწარკვეთის” განცდას და აღნიშნავს, რომ მოსახლეობა “იწყებს თვითმკვლელობაზე ლაპარაკს, რადგან ისინი ამ სიტუაციაში არიან გაჭედილები”.

გიბერტს რუსეთში წასვლის საშუალება რამდენიმე კვირის წინ ჰქონდა. იგი დაიბადა ჩრდილოეთ რუსეთის რეგიონში, მურმანსკში და მისი ოჯახის წევრების უმეტესობა სწორედ იქ  არის.

”ჩემი ყველა ნათესავი რუსეთშია,  რა თქმა უნდა, უნდათ, რომ იქ წავიდე. მე ძალიან მიყვარს ისინი და მესმის მათი, მაგრამ არ შემიძლია წასვლა. როცა გბომბავენ ეს როგორ უნდა აპატიო?” ამბობს გიბერტი.