რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანაზე იერიში დაიწყეს. ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს. ასევე ცნობილია, რომ ოკუპანტები ბომბავენ, ლევობერეჟნის რაიონს, სადაც, უკრაინული მხარის ცნობით, მშვიდობიანი მოსახლეობა თავს აფარებს. მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრ ანდრიუშენკო ამბობს, რომ რუსული არმია ბომბავს არამხოლოდ აზოვსტალს, არამედ საცხოვრებელ რაიონებსაც.
“ოკუპანტებს იერიშები მაღალი სიმძლავრის ბომბებით არა მხოლოდ აზოვსტალზე მიაქვთ, არამედ არტილერიითა და ტანკებით აგრძელებენ ქაოსურ დარტყმებს ცოცხალ სექტორზე ლევობერეჟნის რაიონზე, მეოტიდას ბულვარის გასწვრივ.ამავდროულად, გუშინ ოკუპანტებმა მოქალაქეებს ამ ზონაზე წვდომა გაუხსნეს, რათა სახლებიდან ნივთები აეღოთ. ამისთვის ავალდებულებენ თეთრი ლენტის ტარებას, რომლითაც რუსები საკუთარ თავს ინიშნავენ. ოკუპანტები აგრძელებენ მშვიდობიანი მოქალაქეების უკრაინელი სნაიპერებისთვის სატყუარების სახით გამოყენებას”. – წერს მერის მრჩეველი.
აზოვსტალის ქარხანაში უკრაინელი მებრძოლები არიან გამაგრებულნი, მათ შორის აზოვის პოლკიდან.
იერიშის დაწყების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიაც.