დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ უკანასკნელ პერიოდში მარნეულში კონტროლი შესუსტდა. ამის შესახებ გამყრელიძემ მარნეულში შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, სოფლის რწმუნებულმა, რელიგიურმა ლიდერმა და სამედიცინო განათლების მქონე ადამიანმა თითოეულ სოფელში მოსახელობის დარწმუნებაზე უნდა იმუშაოს.
„მარნეულში კარგად დავიწყეთ ჩვენ ძალიან და ახლა ოდნავ მოვეშვით, როგორც ჩანს. თითოეულ სოფელზე უნდა იყოს სოფლის რწმუნებული, რელიგიური ლიდერი და სამედიცინო განათლების მქონე ადამიანი, ვისაც ენდობა ეს ხალხი, რომ არც ერთი ცხელება არ გამოგვეპაროს სოფელში. ამ პერიოდში ხველებით, სუნთქვის გაძნელებით ადამიანები სწრაფად უნდა იყვნენ გადმოყვანილები „ცხელების ცენტრში“ გამოკვლევებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, მარნეულის მერიაში დღეს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერი ზაურ დარგალი და მარნეულისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.