მარნეულში, სოფელ მარადისში ქალებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა ოჯახებს კარტოფილის მოსავალის შესანარჩუნებლად ნაკვეთი გათოხნეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში UN Women Georgia-ი ავრცელებს.
ადგილობრივმა ნაირა პაქსაძემ, სხვა აქტიურ ქალებთან ერთად, სარეველაშერეული ნაკვეთი გათოხნა და ოჯახს, რომლის წევრებიც ახლა საავადმყოფოში მკურნალობენ, შემოსავლის ერთადერთი წყარო არ დაუკარგა.
“სხვა რა უნდა გავაკეთოთ ამ მდგომარეობაში? რაც შეგვიძლია, ეს არის. ახლა რომ არ გაგვეთოხნა, სარეველა სულ გააფუჭებდა. საავადმყოფოდან რომ გამოვლენ, საარსებო ხომ უნდა დახვდეთ”, -ამბობს ნაირა პაქსაძე.