“დიდი ხნის განმავლობაში თავს ვიკავებდი, დამეწერა ამის შესახებ, არ მინდოდა, ზეწოლად აღქმულიყო ჩემი გამოხმაურება. მაგრამ ახლა გაჩუმება აღარ შეიძლება (ბოდიშს ვიხდი ცოტა გრძელი ტექსტისთვის).
მას შემდეგ, რაც, თსუ რექტორის აშკარა პლაგიატთან დაკავშირებით, ხმამაღლა გამოვხატე პროტესტი, რექტორმა შურისძიების რამდენიმე სერია მოაწყო. ყველას არ ჩამოვთვლი, შორს წაგვიყვანს, ამჯერად ვიტყვი ამ სერიების ბოლო ეტაპზე: რექტორის ბრძანებით, თსუ-ში შეიქმნა ეთიკის კომისია, რომელსაც ჩემი სადოქტორო დისერტაციის (დავიცავი 2001 წელს) შესწავლა დაევალა.
კომისია შეიქმნა საჩივრის საფუძველზე, რომელიც უნივერსიტეტში ამ წლის დასაწყისში შევიდა. ვინ არის მომჩივანი? ვინნე დათო ნადირაძე, რომელიც არც სოციალური მეცნიერებების წარმომადგენელია, არც – დოქტორის ხარისხის მქონე და არც – თსუ-ის თანამშრომელი. სამაგიეროდ, იყო (შეიძლება, ახლაც არის) გია შარვაშიძის მეუღლის ორგანიზაციის თანამშრომელი და მასთან (ოჯახთან) დაახლოებული პირი. ანუ, რბილად რომ ვთქვათ, იკვეთება ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები.
ეთიკის კომისიამ თითქმის ოთხი (!) თვე იმუშავა და რამდენიმე დღის წინ დაწერა დასკვნა, სადაც წერია, რომ „იაგო კაჭკაჭიშვილს უფიქსირდება მეცნიერული კეთილსინდისიერების დარღვევა“.
ახლა ვნახოთ, რაში მდგომარეობს ამ ბრალდების არსი:
1. 2001 წლის იანვარში დავიცავი სადოქტორო დისერტაცია და, ამავე წელს, დაიბეჭდა ჩემი წიგნი „სოციალური მოქმედების თეორიები“, რომელიც არის დამხმარე სახელმძღვანელო მაგისტრანტებისთვის. ანუ, ჩემივე დისერტაცია წიგნად გამოვეცი, თუმცა, დამხმარე სახელმძღვანელოსთვის დამახასიათებელი მოდიფიკაციით, რაც გამოიხატა თავების შეჯამებით, დავალებების აღწერით და ა.შ. ცვლილების მიუხედავად, ბუნებრივია, წიგნმა გაიმეორა დისერტაციის არსებითი ნაწილი (85%). კომისიამ ჩათვალა, რომ ეს არის ავტოპლაგიატი, რადგან წიგნში არ მაქვს მითითებული, რომ ის ჩემივე დისერტაციის საფუძველზეა დაწერილი (თუმცა, დისერტაციაში შავით თეთრზე წერია, რომ ის შეიძლება გამოადგეთ მაგისტრანტებს და დოქტორამტებს სწავლის პროცესში, რაც ასეც ხდება უკვე თითქმის 20 წელია). 2001 წელს საქართველოს აკადემიური სივრცე და არც ერთი ფორმალური რეგულაცია არ იცნობდა „ავტოპლაგიატის“ ცნებას და არც მე მომსვლია თავში, წიგნში ჩამეწერა, რომ ის დისერტაციის საფუძველზეა დაწერილი. დღემდე ავტოპლაგიატის საკითხი საკმაოდ სადებატოა და ერთ-ერთი განმარტების თანახმად, თუ გამოუქვეყნებელი ნაშრომის გამოქვეყნება ხდება, ეს არ შეიძლება, შესაბამისი მითითების გარეშე, ჩაითვალოს გადაცდომად (მოგეხსენებათ, დისერტაცია ხელნაწერის უფლებით სარგებლობს და ის ოფიციალურად გამოქვეყნებულ დოკუმენტად არ ითვლება). ხვდებით ხომ ვითარების აბსურდულობას? რექტორმა სხვისი დაწერილი ნაშრომი პირწმინდად მიითვისა და პლაგიატი არ ჩამიდენიაო, ამტკიცებს და მე ჩემივე დისერტაციის გამოქვეყნება მეთვლება მეცნიერულ არაკეთილსინდისიერებად.
2. ეთიკის კომისიის დასკვნაში წერია, რომ დისერტაცია შეიცავს კომპილაციის ნიშნებს, ანუ სხვა ავტორთა მოსაზრებების შეჯერებას. აქაც სრულ არაადეკვატურობასთან გვაქვს საქმე: ვინ არიან ეს „სხვა ავტორები“? მაქს ვებერი, ტალკოტ პარსონსი, ჯორჯ მიდი, ჰერბერტ ბლუმერი, ენტონი გიდენსი და ა.შ., რომლებიც სოციალური მოქმედების თეორიების კლასიკოსები და თანამედროვე ავტორები არიან. ჩემი დისერტაცია („სოციალური მოქმედების თეორიები“) შესრულებული იყო თეორიული სოციოლოგიის სფეროში და როგორ შემეძლო ზემოაღნიშნულ მეცნიერთა თეორიების განხილვის გარეშე დამეწერა ნაშრომი? ანუ, კომისია ჩემგამ ითხოვს, რომ მე თავად უნდა ვყოფილიყავი სოციალური მოქმედების ორიგინალური თეორიის შემქმნელი? და ესეც რომ ყოფილიყო, სხვა თეორიები არ უნდა განმეხილა? ჩემი დისერტაცია მონოგრაფიაა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში პირველად მოვუყარე თავი და კრიტიკულად განვიხილე თეორიები და ავტორები, რომელთა შესახებაც ჩემამდე საქართველოში ერთი წინადადებაც არ დაწერილა არათუ დისერტაციის, არამედ, სამეცნიერო სტატიის სახით. ყალბი თავმდბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ედუარდ კოდუამ (რომელიც ქართული სოციოლოგიის მეტრი იყო), ჩემს ნაშრომს უწოდა ახალი სიტყვა საქართველოს სოციალურ მეცნიერებებში და ეს თავის რეცენზიაშიც ჩაწერა. სწორედ ამ ნაშრომის საფუძველზე, 35 წლის ასაკში, გავხდი სოციოლოგიის მეცნიერებათა პირველი დოქტორი საქართველოში
აი, ამ ორი თითიდან გამოწოვილი ბრალდების გამო, კომისიამ ჩათვალა, რომ მე მეცნიერულად არაკეთილსინდისიერად მოვიქეცი. აქვს ახლა ამას სხვა სახელი, „ანგარიშსწორების“ გარდა?
კიდევ ერთი: ეთიკის კომისია, ჩვეულებრივ, ატარებს ინტერვიუებს როგორც მომჩივანთან, ისე ბრალდებულთან. მუშაობის თითქმის 4 თვის მანძილზე, კომისიას ჩემთან ინტრვიუ არ ჩაუტარებია.
(აქვე დავძენ, რომ კომისიის ზოგიერთმა წევრმა ისეთი მონანიებისმაგვარი მესიჯები მომწერეს, რომ იკვეთება მათზე ზეწოლა. ეს მესიჯები შენახული მაქვს და მათი გასაჯაროების დროც დადგება).
ამასობაში, ორი დღის წინ, სტუდია „მონიტორის“ სიუჟეტის მეშვეობით აღმოვაჩინე, რომ ცნობილი 34%-იანი პლაგიატის გარდა, გია შარვაშიძეს ჩემი კვლევიდან 14 ინფორმაციულ-ანალიტიკური ცხრილი მიუთვისებია და თავის დისერტაციაში უცვლელად გადაუტანია, ავტორის (ანუ, ჩემი) მითითების გარეშე. რა არის ეს, თუ არა სრულიად სამწუხარო აკადემიური განუკითხობა თსუ-ში რექტორის დირიჟორობით?
ლაშა ბუღაძეს აქვს კარგი რომანი „პატარა ქვეყანა“, მე დავამატებდი – პატარა ადამიანების ქვეყანა!”- წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.