საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი პეკინში გამართული ბანკეტის შემდეგ რომელსაც, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ “მასპინძელი ქვეყნის მიმართ პატივისცემას” უწოდებს. მისი თქმით, ბანკეტზე მონაწილეობა “იმ პატივისცემიდან გამომდინარე მიიღო, რომელიც საქართველოს აქვს ჩინეთის მიმართ”.
“ჩვენ ვიყავით მოწვეული პრეზიდენტ სი ძინპინის მოწვევით, პრეზიდენტის მოწვევა იყო პირადად დელეგაციების წარმომადგენლების და ხელმძღვანელების მიმართ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მასპინძელი მხარე როდესაც გიწვევს, ეს არის დიპლომატიური პროტოკოლის ნაწილი, როდესაც ვიღებთ ამ მოწვევას, როდესაც მონაწილეები ვართ ფორუმის. ჩვენ დავესწარით მიღებას, რომელიც გამართა პრეზიდენტმა სი-მ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მონაწილეთა განლაგება, მონაწილეობის შესახებ, რა თქმა უნდა, არ იყო ცნობილი, თუმცა ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ არანაირი მოლაპარაკება, დიალოგი, შეხვედრა არ გვქონდა და ეს არის ცრუ ინფორმაცია, სპეკულაციები და ასევე, სახელმწიფო მეთაურების განლაგება, მათ შორის დელეგაციების, იყო გამიჯნული. […] ჩვენ ვმონაწილეობდით იმ პატივისცემიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან და ეს არის მნიშვნელოვანი დიპლომატიური ეტიკეტი და პროტოკოლის დაცვა. ეს არის პატივისცემა მასპინძელი ქვეყნის მიმართ და ეს არ არის რაიმე ტიპის სხვა ჟესტი“, – აცხადებს დავითაშვილი.