მაღალი ძაბვის ხაზი გაწყდა, 4 მიმართულების სამგზავრო მატარებელი გაჩერებულია

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის 110 კილოვატიანი ხაზი გაწყდა, რომელიც დაეცა რკინიგზის საკონტაქტო ხაზს და დააზიანა.

ამის გამო, ამჟამად გაჩერებულია 4 მიმართულების სამგზავრო მატარებელი. ესენია: თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისი, თბილისი-ფოთი და ზუგდიდი-თბილისი.

“სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლების მიერ აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და თანმიმდევრულად განახლდება მოძრაობა. ყველა მიმართულების აღდგენას დაახლოებით 2 საათი დასჭირდება.

პარალელურად კომპანიამ უკვე გაგზავნა სამგზავრო ავტობუსები. მგზავრებს სურვილისამებრ მიეცემათ მგზავრობის ავტობუსებით გაგრძელების საშუალება”,– წერს რკინიგზა.