მაღალჩინოსნებმა შაქარაშვილის საქმეში მყოფი პირების მფარველობა უნდა შეწყვიტონ – დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პარალელს ხორავას ქუჩის საქმესთან ავლებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მაღალჩინოსნებმა შეწყვიტონ საქმესთან დაკავშირებული პირების მფარველობა.

დეკანოიძე ასევე მნიშვნელოვნად თვლის, რომ ექსპერტიზის პასუხები მალე გახდეს ცნობილი.

„იმისთვის, რომ კითხვები არ გაჩნდეს შაქარშვილის საქმესთან დაკავშირებით, როგორც ხორავას საქმესთან დკავშირებით იყო, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ გასცეს ყველა კითხვას პასუხი საჯაროდ მათ შორის, დაიდოს ძალიან მალე ექსპერტიზის პასუხი, რაც ამდენი ხანია არ ვიცით და ყველაზე მნიშვნელოვანი, ნებისმიერმა მაღალჩინოსანმა უნდა შეწყვიტოს მფარველობა იმ ადამიანების, რომლებიც დაკავშირებული არიან ამ საქმეში“,-ამბობს ხატია დეკანოიძე ფორმულასთან.

შსს–ს მაღალჩინოსნის მიერ საქმის მოწმის მფარველობაზე საუბრობს „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო გიორგობიანმა საგამოძიებო უწყებას პირდაპირი მითითება მისცა, რომ მისი ნათესავი იაკობ ბრეგვაძე ე.წ. ფოტოგრაფი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულად დარჩეს.

გუშინ შსს–ს მაღალჩინოსანმა, გიორგობიანმა დაადასტურა, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მისი ნათესავია. მისი თქმით, ბრეგვაძე ამ საქმეში დაზარალებულია და “ამ რეალობას ვერავინ შეცვლის”.