მაშველებმა 3-დღიანი ძებნის შემდეგ ფშაველი-ომალოს გზაზე ზვავში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს

3-დღინი ძებნის შემდეგ მეხანძრე-მაშველებმა ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, საძიებო სამუშაოებს მძიმე მეტეოროლოგიური პირობები ართულებდა. ჰიდროლოგების ინფორმაციით, ხეობაში ჩამოწვა 532 000 ტონა თოვლის და მიწის მასა. მუდმივად იყო ზვავის გამეორების საფრთხე.

კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა, შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები თბილისიდან. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური, 5 ეკიპაჟი და სპეცტექნიკა.

გზაზე ზვავის ქვეშ ორი მოქალაქის მოყოლის შესახებ ინფორმაცია 5 მაისს გავრცელდა. ერთ-ერთი მოქალაქე მალევე იპოვეს და ის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეორე, დაკარგულ მოქალაქეს დღემდე ეძებდნენ.