მაშველებმა გარდაცვლილი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილი ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს.
“სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეცტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით მთამსვლელის ცხედარი გადმოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები”, – ნათქვამია განცხადებაში.
არჩილ ბადრიაშვილს, სვანეთში მდებარე მწვერვალ შხელდაზე ექსპედიციაში სამი ადგილობრივი მოყვარული ალპინისტი ჰყავდა წაყვანილი. 10 აგვისტოს საღამოს ამინდი მოულოდნელად გაუარესდა. მწვერვალიდან დაშვების პროცესში მეხი ახალგაზრდა სპორტსმენთან ახლოს დაეცა და არჩილი კლდიდან გადააგდო. გადარჩენილმა სამმა ახალგაზრდამ რუსული სიგნალის დაჭერა შეძლო და იქაურმა მხარემ შეატყობინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მაშველებმა სამი ალპინისტის გადარჩენა შეძლეს, ხოლო ვერტმფრენმა არჩილ ბადრიაშვილის ცხედარს გუშინ, 11 აგვისტოს საღამოს მიაგნო, თუმცა რთული რელიეფიდან გამომდინარე, გარდაცვლილი სპორტსმენის ამოყვანა ჯერ ისევ ვერ ხერხდება.
არჩილ ბადრიშვილმა 2022 წელს ალპინიზმის უმაღლესი ჯილდო, “ოქროს ძალაყინი” ორ ქართველთან, გიორგი ტეფნაძესა და ბაქარ გელაშვილთან ერთად პაკისტანის იქამდე დაუპყრობელ მწვერვალ სარაგარზე (ზღვის დონიდან 7223 მეტრი) ასვლის გამო მიიღო. არჩილი ამ პრესტიჟულ პრიზზე კიდევ სამჯერ იყო წარდგენილი. გასულ თვეში ბადრიაშვილმა კიდევ ერთი აუსვლელი მწვერვალი – ინდოეთში მდებარე ნანდა შორი დაიპყრო.