ჯადოსნური ხელი აქნევს გარეჯის საკითხს, ეს თქვენ ხართ, ჟურნალისტები – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა დავით გარეჯთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია „ნილსის და გარეული ბატების მოგზაურობას“ შეადარა. მისი თქმით, ამ ნაწარმოების მიხედვით, ნილსი ჟურნალისტია, რომელიც სალამურზე უკრავს, ადამიანები კი ხმაზე მიყვებიან.

„ერთ შეკითხვას დაგისვამთ, სელმა ლაგერლოფი იცით ვინ არის?ძალიან ცნობილი საბავშვო მწერალია და დაწერილი აქვს „ნილსის და გარეული ბატების საოცარი თავგადასავალი“. ამ თავგადასავალში არის ერთი მომენტი – თაგვები აწუხებენ ქალაქს და ნილსმა იშოვა ჯადოსნური სალამური, უკრავს მასზე, უკან მიდის და თაგვები მოჰყვებიან. მთელ თაგვებს გაიყვანს, ეს დიდია, წყალში შევა და ამ თაგვებს გადაჩეხავს. მგონია, რომ რაღაც უხილავი ხელი, ჯადოსნური ხელი აქნევს ამ საკითხს, ვიღაც სალამურზე უკრავს და ეს თქვენ ხართ, ჟურნალისტები. ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები ამ სალამურის ხმაზე მოგყვებით”,– ამბობს მეუფე.

მისი შეფასებით, “უმსგავსობაა” ამდენ ხანს ამ თემაზე საუბარი, რადგან “საუბრით გარეჯს არც არაფერი მოემატება და არც მოაკლდება”.

“გარეჯი არის საქართველო, გარეჯი არის ჩვენი და მიმაჩნია, რომ სატელევიზო სივრცეში ამდენი საუბარი არის ჯადოსნური ხელის ქნევა. ამიტომ, არავითარ შემთხვევაში ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. მათ საქართველოს მიწების გასხვისებას ედავებიან.