მდინარაძე განმარტავს, რატომ არ მიეცათ ენმ-ს წევრებს სიტყვით გამოსვლის საშუალება

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ არ მიეცათ ნაციონალური მოძრაობის წევრებს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის საშუალება.

მისი თქმით, პარლამენტს თავისი დღის წესრიგი აქვს, ნაციონალური მოძრაობა კი ამას პიარისთვის იყენებს, რომ თქვას – “ქართულ ოცნებას შეეშინდა და გაიქცა”.

“ჩვენ ვერ დაგვესიზმრებოდა, ნიკა მელია რა განცხადებას აკეთებდა, ჩაგვაყენონ ხოლმე საქმის კურსში და გავითვალისწინებთ. არასერიოზულია ეს ყველაფერი. პოლიტიკური განცხადებები თუ უნდოდათ, პოლიტიკური განცხადებები იწყება ყოველ სამშაბათს 12:00 საათზე, აწი მაინც რომ იცოდნენ. ეს გაგრძელდა 3 საათის განმავლობაში. პარლამენტს აქვს თავის დღის წესრიგი, შემოვლენ, ისწავლიან ნელ-ნელა, წინა პარლამენტში იყო ზოგიერთი, მაგრამ მაინც ვერ ისწავლეს.

ხვალ გაგრძელდება კანონპროექტების განხილვა. ყველაფერი პიარული კუთხით არის მოხარშული მათ ტვინში. ახლა რა ვთქვათ?! რადგან ჩვენ შემოვედით საღამოს, რადგან დამთავრდა სხდომა, მოდი, ვთქვათ, რომ შეეშინდათ და გაიქცნენ. ამ პრიმიტიული პიარის მსხვერპლები ხდებიან თვითონ”,- თქვა მდინარაძემ.

ენმ-ს წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ქართული ოცნება სხდომათა დარბაზიდან გაიქცა.