ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო უკვე მე-10 დღეა არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მუშაობის საშუალებას არ აძლევს.
მისი თქმით, შენგელიას წერს, რომ გუშინ 9 ივლისს მიიღო წერილი, წერია, რომ 25 ივნისის გადაწყვეტილებით 19 ივნისიდან 15 ივლისამდე პროგრამასთან წვდომა შეუწყდა.
ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ 13 ივლისს პროკურატურას მიმართავს, რადგან სამინისტრომ უკვე მეორე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.
“გუშინ საოცარი წერილი მივიღე, სადაც წერია, რომ 25 ივნისის გადაწყვეტილებით 19 ივნისიდან შემიწყდა პროგრამასთან წვდომა 15 ივლისამდე. უკანა რიცხვით, ალბათ დროის მანქანით. 15 ივლისიდან აპირებენ ფეისბუქ-პოსტების გამო შემიჩერონ საქმიანობა უფრო დიდი ხნით, ამ გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ ველოდები. ორშაბათს გენერალურ პროკურატურას მივმართავ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, სისხლის სამართლის კოდექსის 381.2 მუხლით. სანქცია – სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
ეს უკვე მეორე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, არადა სულ რაღაც სამი კვირა გავიდა 19 ივნისიდან. ორივე დანაშაულზე უკვე მაქვს საკმარისი მტკიცებულებები. ორივეზე აუცილებლად დადგება განაჩენი, პირობას გაძლევთ”,– წერს სოციალურ ქსელში შენგელია.
შეგახსენებთ, რომ ბაჩანა შენგელიამ 24 ივნისს განაცხადა, რომ Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო, მის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო. 29 ივნისს ნოტარიუსმა დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ შენგელიას ფეისბუქს ერთი თვის განმავლობაში ამოწმებდნენ, რის შემდეგაც დაადგინეს, რომ ის “ახორციელებდა მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებდა პოლიტიკურ შეფასებებს”.