“მე არ ვარ გმირი” – ზელენსკის თქმით, ყველაფერი მისი ხალხის დამსახურებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უცხოელ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ როგორ ხედავს უკრაინის გამარჯვებას რუსეთთან ომში. Unian-ის ცნობით, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომში რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა იქნება.

კითხვაზე, რა სჭირდება უკრაინას ყველაზე მეტად დასავლეთისგან, მან ასე უპასუხა:

“ნომერ პირველი არის თვითმფრინავები. ნომერი ორი, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ნომერ პირველი, ტანკები”, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე აღიარა, რომ არ ელოდა, რომ ასეთი რთული იქნებოდა სახელმწიფოს მეთაურობა.

“არ ველოდი, რომ ასე მძიმე იქნებოდა… მე არ ვარ გმირი”, – განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ეს მისი ხალხის დამსახურებაა.

ზელენსკიმ ასევე განმარტა, რატომ გადის ხშირად გარეთ.

“სამი-ოთხი დღეც რომ არ გამოვიდე, მხოლოდ ჩემს კაბინეტში დავრჩე, ვერ გავიგებ რა ხდება მსოფლიოში”,– თქვა მან და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი გულახდილი უნდა იყოს, რათა ხალხმა მას დაუჯეროს.