ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ პოლიტსაბჭომ არ გაიზიარა მისი წინადადება, რომ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი პრაიმერისის მეთოდით გადაეწყვიტათ.
მისი განცხადებით, პარლამენტში შესვლის წინააღმდეგი იყო პოლიტსაბჭოს 10 წევრი.
“ცხადია, მე (და კიდევ 9 კოლეგამ) ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი მივეცით ხმა, მაგრამ რადგან მიმაჩნია, რომ პუტინისტი ოლიგარქის რეჟიმის დასამარცხებლად მთავარია ჩვენი გუნდის ერთიანობა და ამ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის ერთად გაგრძელება, ბუნებრივია, პატივს ვცემ საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებას”,– წერს ბარამიძე.
მისივე განმარტებით, პარტიის დატოვებას არ აპირებს.
“საბჭოს გადაწყვეტილებით გაბრაზებულმა ზოგმა ენმ-ს გულანთებულმა წევრმა, მალევე მკითხა: ამის გადაწყვეტილების გამო პარტიის დატოვებას ან პროცესებიდან გამიჯვნას ხომ არ ვაპირებ? საჯაროდ, მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ ამ საჩუქარს ოლიგარქს და ჩვენი გუნდის მტრებს არ გავუკეთებ და რაც არ უნდა არ ვეთანხმებოდე საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებას, როგორც დემოკრატიულ პარტიას და ჩვენს მებრძოლ გუნდს შეეფერება, ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას ამ მოღალატეთა ქვეყნის დამაქცეველი რეჟიმის წინააღმდეგ.
წარმატებას ვუსურვებ ჩვენს დეპუტაციას და ჩვენს გუნდს ოლიგარქთან ბრძოლის ყველა მშვიდობიან და პრინციპულ ფრონტზე. მჯერა ერთობით აუცილებლად გავიმარჯვებთ.
საქართველოში აუცილებლად გათენდება”,– აცხადებს ბარამიძე.