“მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს, გონს რომ მოვედი, ზუგდიდში ვიყავი” – ამ სიტყვებით 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ავტორს, სოფიკო ყორიაულს მიმართა.
სასამართლოზე ექსპერტმა განაცხადა, მას ცინდელიანმა უთხრა, რომ მკვლელობის დღეს, მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად იღებდა თრობის სხვადასხვა საშუალებებს, როგორც ალკოჰოლს, ასევე ნარკოტიკს.სპეციალისტის თქმით, ცინდელიანი დანაშაულის ჩადენის მომენტში ფიზიოლოგიურ აფექტში არ იმყოფებოდა.
“ხელითაც შევხებივარ.. “კაიფში” ვიყავი, ფხიზელი არ ვიყავი, ღამე იყო, რაღაც ელემენტარულზე დავიწყეთ, მკვლელობა მოხდა, არ მახსოვს, გამთენიისას მოვედი გონს და ქალაქგარეთ ვიყავი, როგორ მოვკალი არ მახოვს, მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს, გონს რომ მოვედი, ზუგდიდში ვიყავი, დანა ზუგდიდში არ მქონია, სისხლიანი ტანსაცმელი ნაგავში გადავაგდე”,- ეს სიტყვები ოთარ ცინდელიანს ეკუთვნის, რომელიც მან ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტს განუცხადა [IPN].
ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.