ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, პირბადე დღეს არ არის მოდური აქსესუარი, ის პირველ რიგში პირადი დაცვის საშუალებაა.
,,პირველ რიგში, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირბადე დღეს არ არის მოდური აქსესუარი, ეს არის პირველ რიგში პირადი დაცვის საშუალება, რაც გვიცავს ეპიდემიისგან და აუცილებელია ტარებისთვის. ყველას ძალიან გაგვიხარდება, როდესაც მოვერევით კორონავირუსს და დადგება ის დრო, როდესაც პირბადეს ჩვენ შევხედავთ მხოლოდდამხოლოდ როგორც დიზაინერულ ატრიბუტს და არა უმნიშვნელოვანეს ნივთს, რომელიც დღეს ჩვენ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას იცავს”,- ამბობს თურნავა.
მისი თქმით, გემონებაზე არ დაობენ, თუმცა მისი აზრით, საქართველოში წარმოებული დოლბანდის პირბადე ყველაზე მოთხოვნადი, ლამაზი და მოხდენილი ნივთია, ვიდრე ,,რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული” პირბადე.
,,რავიცი ახლა, გემოვნებაზე არ დაობენ, მე რომ მკითხოთ, ეს არის მართლაც ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ლამაზი, მოხდენილი ნივთი, რომელიც რაც მთავარია იკერება საქართველოში. ეს არის ქართული წარმოების პირბადე”,- აცხადებს თურნავა.
მინისტრის განმარტებით, ეს პირბადე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანია დღეს ბაზარზე წარმოდგენილ ანალოგებს შორის.
ის ასევე აღნიშნავს, რომ პირბადეების შეკერვაზე 1000-მდე ადამიანია დასაქმებული.