საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის გამარჯვებას მიმდინარე ომში, მაგრამ არ სურს, რომ რუსეთი “გაისრისოს”.
ფრანგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში, რომელსაც AFP ციტირებს, მაკრონმა თქვა: ”მე მინდა, რომ რუსეთი დამარცხდეს უკრაინაში და მინდა, რომ უკრაინამ შეძლოს თავისი პოზიციის დაცვა”.
ამასთან, მან თქვა, რომ კონფლიქტის შედეგად ვერც ერთი მხარე ვერ შეძლებს აბსოლუტური უპირატესობის მოპოვებას. “დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ყველაფერი სამხედრო გზით არ დასრულდება”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონმა დასძინა, რომ ზოგიერთისგან განსხვავებით, მას არ სურს ომის გავრცელება თავად რუსეთის ტერიტორიაზე. ასეთ ადამიანებს, როგორც მაკრონმა თქვა, „უპირველეს ყოვლისა, სურთ რუსეთის განადგურება“. “ეს არასოდეს ყოფილა საფრანგეთის პოზიცია და არც იქნება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე მაკრონმა მრავალსაათიანი მოლაპარაკება გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ის არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე დასავლელი ლიდერიდან, ვინც პუტინთან უშუალო კონტაქტს ომის დაწყების შემდეგაც ინარჩუნებდა.