მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული: ადრენალინი არ გამიკეთებია, არ ჩავთვალე საჭიროდ

“რუსთავი 2” ასაჯაროებს გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ექიმის, ვიოლეტა ინასარიძის ჩვენებას, რომელიც მან გამოძიებას მისცა.

ბრალდებული მეორე ჩვენებაში აღიარებს, რომ როცა ექთანი ცუდად გახდა, მისთვის სამედიცინო დახმარება არ გაუწევია.

“მე მეგონა, რომ უბრალო რეაქცია მისცა, ანუ რაღაც ალერგიული რეაქცია, იმიტომ, ასეთი რაღაცა მინახია ძალიან ბევრი, ეს არის ჩვეულებრივი, შეიძლება ემოციურიც იყო, ემოციური ბავშვიც იყო და ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია.

პრინციპში არაფერი არ მიქნია, უბრალოდ ვკითხე, როგორ იყო და საიმედო ადამიანს ჩავაბარე,”- აღნიშნავს მედიკოსი შეცვლილი ჩვენებაში და ადასტურებს, რომ მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია:

“არა არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ რომ არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ თითქოს ეს იყო ანაფილაქისს მაჩვენებელი”,– აღნიშნავს ბრალდებული ჩვენებაში, რომელსაც რუსთავი 2 ავრცელებს.

გუშინ პროკურატურამ მეგი ბაქრაძის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ახალციხის კლინიკია “იმედის” 2 ექიმსა და 1 ექთანს ბრალი წარუდგინა.