გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ სასტუმრო “ვინოტელის” მეპატრონეს აქტივისტებისთვის “თოფით რაღაც რომ ექნა”, ადამიანურად გაამართლებდა.
ამ სასტუმროში რუსი პროპაგანდისტი და მისი მეგობრები გუშინ სავახშმოდ იმყოფებოდნენ, სადაც აქტივისტებმა აქცია მოაწყვეს.
“ადამიანური მომენტი არა გვაქვს?! მასპინძლებს რომ შეურაცხყოფას ვაყენებთ, ეგ არაფერს არ ნიშნავს, მაგალითად, ბენო ქაშაკაშვილი. ამ კაცთან არაფერი პირადული, ერთ–ორჯერ ეთერში ვარ გადაყრილი, უხერხული არ იყო? კაცს სახლში მიუვარდნენ და სახლს უნგრევდნენ. მართლა თოფით რომ გამოსულიყო ეს კაცი და რაღაც რომ ექნა, მე ხომ მას ადამიანურად გავამართლებდი. როგორ ვერ ხვდებიან მასეთ ელემენტარულ რაღაცებს.
იქაც ხომ ადამიანები არიან. ერთი და იგივე კადრს ატრიალებდნენ, როგორ ემსახურებოდა ოფიციანტი. საჭმელს აჭმევდა. შიათ რა, რაღაც ხო უნდა დააორგანიზო, ხო უნდა აჭამო 40 კაცს. ტურისტები გვინდაო, ცალმხრივად გახსნილი რომ ჰქონდათ გინდა მიშას დროს, გინდა ახლა, რაღაც მომენტში რატომ გვავიწყდება?”,– თქვა მეგრელიშვილმა.
ცნობისთვის, სასტუმრო “ვინოტელი”, რომელშიც რუსი პროპაგანდისტი პოზნერი მეგობრებთან ერთად იმყოფება, ქართული ოცნების წევრისაა.
ბენო ქაშაკაშვილი 2016 წელს მმართველი პარტიის 53–ე ნომერი იყო. მან 2016 წლიდან დღემდე “ოცნებას” 170 ათასი ლარი შესწირა.