რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა სოციალური ქსელებიდან კიდევ ერთი სკანდალური პოსტი წაშალა, ამჯერად “განკითხვის დღის“ შესახებ, რომელიც მისი თქმით უკრაინას ელის ყირიმის დაბომბვის შემთხვევაში.
პოსტის გაქრობა სოციალური ქსელის მომხმარებლებმა 18 აგვისტოს საღამოს შენიშნეს, როცა ყირიმიდან გავრცელდა ცნობები ოკუპანტების სამხედრო ობიექტების სიახლოვეს აფეთქებების შესახებ.
ტელეგრამში რუსეთის ექს–პრეზიდენტის გამოსვლა უკვე აღარ იძებნება.
18 ივლისს, ერთ–ერთი სხდომის დროს მედვედევმა განაცხადა:
“იმ შემთხვევაში, თუ რაღაც მსგავსი მოხდება (იგულისხმება ყირიმზე თავდასხმა) მათთვის, ყველასთვის, მომენტალურად დადგება განკითხვის დღე“.
მანამდე მედვედევმა სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, რომელშიც რუსეთის მეზობლებს, მათ შორის ყაზახეთს და საქართველოსაც ემუქრებოდა. მოგვიანებით ტექსტი გაქრა, მედვედევის თანაშემწემ კი განაცხადა, რომ მისი გვერდი სოციალურ ქსელში გატეხეს.