უკრაინული საგამოძიებო პროექტი Trap Aggressor იუწყება, რომ რუსული დრონების ერთ-ერთი მწარმოებელი იყენებს ამერიკული სატელიტური კომპანია Iridium-ის მომსახურებებს.
გამოძიება ამბობს, რომ რუსულ კომპანია AFM-Servers-ს, რომლის თანამფლობელია ბიზნესმენი ამირ ვალიევი, აქვს კონტრაქტები რუსეთის უშიშროების ძალებთან და „სისტემურად თანამშრომლობს ეფესბესთან“.
Trap Aggressor-ის პროექტის ავტორები მოიხსენიებენ YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც ვალიევი წარმოადგენს სათვალთვალო დრონს Ptero-ს. ჩანაწერში ის აღიარებს, რომ დრონი იყენებს სატელიტურ სისტემას, რომელსაც ამერიკული კომპანია Iridium-ს უზრუნველყოფს .
თავად ირიდიუმს ჯერ კიდევ აქვს ოფისი მოსკოვში და 2022 წლის განმავლობაში ჰქონდა კონტრაქტი რუსეთის ეროვნულ გვარდიასთან თანამგზავრული კომუნიკაციების უზრუნველყოფის შესახებ. გარდა ამისა, ირიდიუმის ერთ-ერთი შვილობილი კომპანია აწვდიდა კომუნიკაციებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნათქვამია გამოძიებაში.
გარდა ამისა, გამოძიების ავტორების თქმით, კომპანია AFM-Servers აწარმოებს დრონს Cartograph, რომელსაც რუსული არმია უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს დაზვერვის მიზნით იყენებს.
ამ გაზაფხულზე უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ასეთი საფრენი აპარატი ჩამოაგდეს დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი როგის რაიონში.
გამოძიების ავტორები ირწმუნებიან, რომ ეს არის “უპილოტო საფრენი აპარატი კლასიფიცირებული რუსული საავიაციო კომპლექსი პტეროს ოჯახიდან”, რომელიც “ფარულად შეიქმნა რუსეთის ფედერაციის ეფესბეს საჭიროებისთვის”.
გამოძიება არ აკონკრეტებს, გამოიყენება თუ არა ამერიკული სატელიტური ირიდიუმის სისტემა Cartograph-ის სამართავად.
თუმცა, გამოცემა ირწმუნება, რომ „კარტოგრაფი“ „სიტყვასიტყვით, გაჯერებულია დასავლური კომპონენტებით“. სხვა საკითხებთან ერთად, პროექტის წყარომ განაცხადა, რომ იგი იყენებს იაპონურ წვის სანთელს, ამერიკულ მიკროსქემებს და უკაბელო კავშირის მოდულებს, ასევე გერმანიაში წარმოებულ ძრავას.
“ირიდიუმს“ Trap Aggressor-ის პროექტის გამოძიების ავტორების დასკვნებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.