მედიაგარემოს გაუარესებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო – ამის შესახებ, საერთაშორისო გამჭვრივალობა ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები და მიმოხილულია პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის კონკრეტული ფაქტები.
გთავაზობთ ორგანიზაციის ანგარშს სრულად :
”ბოლო პერიოდში ქვეყანაში მედია გარემო მნიშვნელოვნად გაუარესდა და პროფესიული საქმიანობის განხორციელება საფრთხის შემცველი გახდა ჟურნალისტებისათვის, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისათვის. მმართველი პარტიის წევრთა აგრესიული რიტორიკა და სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ მათ მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციული კამპანია, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და სახელმწიფოს მხრიდან ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლასა და ძალადობაზე არასათანადო რეაგირება – ეს არის არასრული ნუსხა იმ პრობლემებისა, რომლის წინაშეც დღეს კრიტიკული მედიის წარმომადგენლები დგანან. სწორედ განსხვავებული აზრის მიმართ ხელისუფლების აგრესიული მიდგომის გამოძახილია ჟურნალისტების წინააღმდეგ გახშირებული ძალადობის ფაქტები.
გართულებული მედია გარემო მიმოვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების წინ ჩვენს ანგარიშში, რომელიც 2016-2020 წლების პერიოდს მოიცავდა. წინამდებარე ბლოგში კი აღვწერთ იმ ძირითად გამოწვევებს, რომლის წინაშეც მედია საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში დგას.
ძალადობის ფაქტები მედიის წინააღმდეგ
ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გახშირდა ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები, რაც მედიის პროფესიული საქმიანობის განხორციელებასთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების მიერ არა მხოლოდ გამოძიების დაწყება, არამედ დამნაშავეების დროული იდენტიფიცირება და მათი პასუხისგებაში მიცემა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ხშირად მსგავს ფაქტებზე არ ხდება სათანადო რეაგირება, კერძოდ, დროში იწელება გამოძიება, არ ანიჭებენ ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსს და ა.შ., რაც თავის მხრივ, ახალისებს ძალადობას და კიდევ უფრო ართულებს მედიის წარმომადგენლებისათვის მუშაობას.
25 თებერვალს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანს ვახო სანაიას, რომელიც ამ ფაქტს, მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. გარდა ამისა, დაწყებულია გამოძიება ვახო სანაიას ოჯახის წინააღმდეგ მუქარის წერილების გამო. ასევე, ტელეკომპანია „ფორმულას“ განცხადებით, 9 აპრილს, კიდევ ორ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ღამის სამ საათზე, კომენდანტის საათის დროს, დააზიანეს ტელევიზიის მძღოლის ავტომობილი, რომელზეც მაუწყებლის ლოგო იყო განთავსებული. ჩაამსხვრიეს მანქანის მინები, თუმცა ავტომობილიდან ნივთები არ მოუპარავთ. მეორე შემთხვევაში კი ნაცემია „ფორმულას“ მძღოლი, რომელსაც ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა.
ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე პოლიციამ 3 პირი დააკავა და სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესის პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული და საზოგადოებაში ცნობილი პირების მიერ ჟურნალისტის დისკრედიტაციის კამპანია და მის წინააღმდეგ მუქარა. ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ და თავდებში უდგებოდნენ თბილისის საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილი, ცნობილი მომღერალი და ტელეწამყვანი გია გაჩეჩილაძე და მსახიობი დავით ხურცილავა, თუმცა სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
7 მაისს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაუწყებლის ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერიძეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
4 მაისს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სასულიერო პირები თავს დაესხნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტექნიკა დაუზიანეს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს. მოგვიანებით, ინციდენტის ადგილის დატოვების შემდეგ, სოფელ „უდაბნოში“ მათ დაუპირისპირდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. 5 მაისს სოფელ უდაბნოში შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ წარმომადგენლებსაც.
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ მედიაჰოლდინგ „კვირას“ გადამღებ ჯგუფს. დაწყებულია გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით.
საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით, 17 მაისს მათ გადამღებ ჯგუფს დმანისში განვითარებული დაპირისპირების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მაუწყებელმა ყველა შესაბამის უწყებას მიმართა და დამნაშავეების იდენტიფიცირება, კანონის შესაბამისად მათი დასჯა მოითხოვა.
რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტს, ვლადიმერ ჩხიტუნიძეს, გაფიცული მუშების აქციის გაშუქებისას, ტელეფონი წაართვეს და ვიდეო გადაღება აუკრძალეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
16 იანვარს, საპროტესტო აქციის გაშუქებისას, სამართალდამცველებმა, on.ge-ს ჟურნალისტს, ხატია ღოღობერიძეს, აქციის გაშუქებისას პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს.
ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის მიმდინარე დაპირისპირების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებული აგრესიის ობიექტები გახდნენ. ჟურნალისტებს ძალადობის, მუქარის და ხელშეშლის ფონზე უწევდათ მოვლენების გაშუქება. 8 მარტს, მხარეებს შორის დაპირისპირების გაშუქებისას 10-მდე პირი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები რამდენიმე მეტრის სიმაღლის აივნიდან ჩაცვივდნენ და დაშავდნენ.
2020 წლის 8 ნოემბერს ცესკოს შენობასთან აქციის დაშლისას პოლიციის მიერ უხეშად დაირღვა მოქალაქეთა შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლებები და სამართალდამცავებმა არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშალეს დემონსტრაცია. აღნიშნული ინციდენტის დროს უხეშად დაირღვა ასევე მედიის წარმომადგენლების უფლებები, მათ შორის რამდენიმე ჟურნალისტებმა ფიზიკური დაზიანება მიიღო. ტვ „პირველის“ ოპერატორს, პაპუნა ხაჩიძეს წყლის ჭავლმა თვალი დაუზიანდა. მას მოგვიანებით ოპერაცია ჩაუტარეს. „ფორმულას“ ოპერატორი, ნიკა მათიაშვილი წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დაშავდა. „ნეტგაზეთის” ჟურნალისტს, სოფო აფრიამაშვილს წყლის ჭავლმა დაუზიანა თვალი; „ფორმულას“ ოპერატორი, გიორგი ჯაფარიძე წყლის ჭავლით დასველდა და ამ მდგომარეობაში მუშაობის გაგრძელების შემდეგ გონება დაკარგა. „ფორმულას“ ჟურნალისტი, ანა ბარათაშვილი წყლის ჭავლის წნევამ მიკროავტობუსიდან გადმოაგდო, რის შედეგადაც სხეულის დაზიანება მიიღო; დაზიანდა „რადიო თავისუფლების“ ორი გადამღები ჯგუფის ოთხი ჟურნალისტი; მსუბუქად დაშავდა „რუსთავი 2“-ის ოპერატორი; წყლის ჭავლის შედეგად დაშავდა JRC-ის ჟურნალისტი, გიგა აბულაძე. ოპოზიციის წარმომადგენელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებრივი მაუწყებლის და ტვ „იმედის“ ჟურნალისტებს. „იმედის“ განცხადებით კი, აქციის ერთ-ერთი მონაწილე მათ ჟურნალისტს თავს დაესხა. აქციის დაშლის დროს დაზიანდა ტვ „პირველის“ ექვსი, „მთავარი არხის“ – ხუთი, „რუსთავი 2“-ის – ორი და „რადიო თავისუფლების“ ერთი კამერა. დაზიანდა OC მედიას დამფუძნებლის პირადი ფოტოკამერა, რომლითაც აქციას აშუქებდა და „გურია ნიუსის“ ჟურნალისტის მობილური ტელეფონი, რომლითაც აქციიდან პირდაპირ ჩართვას ახორციელებდა.
„ქუთაისი თუდეის“ რედაქტორის ბუბა ჩივაძის განცხადებით, ქუთაისის მერიის დაცვის თანამშრომელმა მას ფიზიკური დაზიანება მიაყენა. ჟურნალისტი აღნიშნულ ფაქტს მერიაში აპროტესტებდა. პოლიციამ ჩივაძე იძულების წესით მერიიდან გაიყვანა. დაპირისპირება ჟურნალისტსა და დაცვის თანამშრომელს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც ჩივაძეს მერიის შენობაში გადასაადგილებლად საშვი მოთხოვეს. ჩივაძის თქმით, მანამდე მერიაში შესასვლელად საშვის ქონა საჭირო არ იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, დაკავებულია პირი, რომელმაც 25 მაისს თბილისში მიმდინარე ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციისას მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსის“ თანადამფუძნებლის წინააღმდეგ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, დროშის ტარი ჩაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სახის არეში დაზიანება მიიღო .
მუქარა და აგრესიული რიტორიკა
27 მაისს „ფაქტჩეკის“ ჟურნალისტის ნაზი რეხვიაშვილის განცხადებით, ხულოს საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრმა ნუგზარ სოლომონიძემ მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნა. მმართველი პარტიის წევრი ჟურნალისტს მას შემდეგ დაემუქრა, რაც რეხვიაშვილმა საკუთარ სოციალურ გვერდზე კრიტიკული წარწერით ადგილობრივი მაუწყებლის ვიდეო გაავრცელა, სადაც ნუგზარ სოლომონიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, მათ შორის „აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ“ მოიხსენიებს.
6 მარტს „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი, ემა გოგოხია მესტიაში იმყოფებოდა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევასთან დაკავშირებით სიუჟეტს ამზადებდა. კვლევაში სახელმწიფო პროგრამიდან თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიების, მათ შორის, მესტიის მერის დის კუთვნილი სასტუმროს სუბსიდირებასა და შესაძლო კორუფციულ ფაქტებზეა საუბარი. მესტიაში ყოფნის დროს, ჟურნალისტის ინფორმაციით, ტელეფონით დაუკავშირდა მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, რომელიც დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით კი, გადამღებ ჯგუფს მანქანის საბურავები დაზიანებული დახვდა. ჟურნალისტის მიმართ მუქარისა და ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.
9 აპრილს მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ აქცია-მსვლელობა მოაწყო. აღნიშნული ღონისძიების მონაწილეები განსაკუთრებული აგრესიით კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გამოირჩეოდნენ.
ყოფილმა მაღალჩინოსანმა ლევან მამალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტების ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის მკვლელობას გეგმავდნენ. ნოდარ მელაძის შეფასებით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ხელისუფლებასთან აფილირებული მედიის მხრიდან შემთხვევით არ ხდება და ის აჩენს განცდას, რომ თავად ხელისუფლების მხრიდან სავარაუდო შურისძიებისთვის ნიადაგის მომზადება ხდება, რათა, შემდეგ, შესაძლო დანაშაული სხვას დააბრალოს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო გამოძიება.
ტელეკომპანია „პირველზე“ გავიდა ფარული ჩანაწერები, რომელიც ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერას და მოქმედი მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაულს შეეხება. გადაცემის წამყვანის, ნოდარ მელაძის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ მიერ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, გამომძიებელ ჟურნალისტებს საჯაროდ ემუქრებიან: „ამ ერთი კვირის განმავლობაში მივიღეთ მუქარები ჩვენი ოჯახის წევრების წამებასთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის ერთ ერთი ხელმძღვანელის მხრიდან.“
„ქართული ოცნების“ ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ „განსაკუთრებით ჟურნალისტები იღებენ მონაწილეობას რაღაც კონსპირაციული, დეზინფორმაციული, საბოტაჟური სახის მოქმედებების დაგეგმვაში, რისი მომსწრეებიც ჩვენ ვართ ყოველდღიურად“. იგივე ვოლსკი შეურაცხყოფას აყენებს ტვ “პირველის” ჟურნალისტებს და მათ ზონდერებს უწოდებს.
ნეგატიური კამპანიის წახალისებას ემსახურებოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატ თეა წულუკიანის მხრიდან კრიტიკული ტელევიზიის, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას პირადი მობილური ნომრის კანონსაწინააღმდეგო გასაჯაროება. 2021 წლის 2 თებერვალს პარლამენტის სხდომაზე თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას მობილური ნომერი საჯაროდ გამოაცხადა, რის შემდეგაც, გვარამიას თქმით, მასთან ბევრი უცნობი ზარი შევიდა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა და რეგიონალურმა მდივანმა დიმიტრი სამხარაძემ ნიკა გვარამიაზე ჰომოფობიური სტატუსი გამოაქვეყნა.
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა „შემაშფოთებელი და შემაძრწუნებელი“ უწოდა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ „არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა“.
გასული წლის 12 დეკემბერს “მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას თქმით, მას დაჭერით და ქონების ჩამორთმევით დაემუქრნენ.
სამწუხარო ტენდენციის სახე მიიღო მედიის წარმომადგენლებისათვის გადაადგილების თუ ცალკეული უწყებების შენობებში შესვლის დაუსაბუთებელმა შეზღუდვამ, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ან შეუძლებელს ხდის პროფესიული საქმიანობის შესრულებას. 9 თებერვალს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი მარიამ გეგუჩაძე პარლამენტში არ შეუშვეს. 11 აპრილს კი მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მიმდინარე საპროცესო აქციის გასაშუქებლად ნამახვანში შესვლის და მუშაობის უფლება არ მისცეს.
20 მაისს ტელეკომპანია „იმედის“ ბიზნესქრონიკისა“ და „ბიზნესი იმედზე“ გადაცემების ავტორმა და წამყვანმა ირაკლი წულაიამ განაცხადა, რომ მას ბიზნესგადაცემები დაუხურეს და 25 თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს. წულაიამ აღნიშნა, რომ მისი ოჯახის წევრების მიმართ დაშინებები მიმდინარეობს და ქვეყნიდან წასვლასაც არ გამორიცხავს. ჟურნალისტი გადაცემების დახურვას „ქართული ოცნების“ ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე მის გამოხმაურებას უკავშირებს, რასაც მმართველი პარტიის ლიდერების მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის უკმაყოფილება მოყვა. ირაკლი წულაიამ ასევე განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორმა ნიკა ლალიაშვილმა მისი განცხადების წაშლა სთხოვა, რადგან ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ.
წყაროს იდენტიფიცირების მცდელობა
ხელისუფლების მიერ გრძელდება ჟურნალისტების წყაროს იდენტიფიცირების მცდელობები. კერძოდ, ტელეკომპანია „პირველის“ „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გავიდა ფარული ჩანაწერები, რომელიც მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულს შეეხებოდა. პროკურატურამ სასამართლოს კონფიდენციალური წყაროს მიერ მიწოდებული მასალის ამოღების უფლების მისაღებად მიმართა. აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა საქალაქო სასამართლომ, ხოლო სააპელაციო ინსტანციამ განჩინება უცვლელი დატოვა, რამაც საფრთხე შეუქმნა საქართველოს და საერთაშორისო სამართლით დადგენილ კონფიდენციალური წყაროს გარანტიებს.
ფარული მოსმენა
ტვ „პირველის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მხრიდან იგეგმებოდა არხის საგამოძიებო ჟურნალისტების ფარული მოსმენა. ტელევიზიის მიერ გავრცელებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, სუს-ის თანამშრომელი დაუკავშირდა „ქართული ოცნების“ შიდა მონიტორინგის სამსახურის ყოფილ თანამშრომელს და შესაბამისი ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, მათ შორის, ტვ „პირველში“ შეღწევა და ჟურნალისტების უკანონო თვალთვალი დაავალა.
დეზინფორმაციული კამპანია
გრძელდება კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული კამპანია. ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ბერა ივანიშვილის ფარული ჩანაწერების გასვლის შემდეგ, დაიწყო გამომძიებელი ჟურნალისტების დისკრედიტაცია სოციალური ქსელებით. „მითების დეტექტორის“ ვარაუდით, ეს გვერდები შესაძლოა ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფის მიერ იმართებოდნენ.
ინსტიტუციური დევნა
მედიაგარემოსთვის სახიფათო გამოწვევად რჩება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცალკეული გადაწყვეტილებები, რომელიც კრიტიკული მედიის შეზღუდვის ნიშნებს შეიცავს. კერძოდ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სადავო გახდა 2020 წლის 12 დეკემბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გასული სიუჟეტი. კომისიამ მიიჩნია, რომ სიუჟეტი უხამსობას შეიცავდა. ამ გადაწყვეტილებით კომისია გასცდა თავის უფლებამოსილებას და შევიდა შინაარსის განხილვაში, რაც თვითრეგულირების ორგანოს ან სასამართლოს პრეროგატივაა. შესაბამისად, კომისია უხეშად ჩაერია ტელევიზიის საქმიანობაში და შეზღუდა კრიტიკული მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, კომისიამ საშიში პრეცედენტი შექმნა, წაახალისა ქვეყანაში თვითცენზურა და მიანიჭა მარეგულირებელს განუსაზღვრელი ბერკეტი, რაც შესაძლოა, მძიმედ აისახოს მედიის თავისუფლებაზე საქართველოში.