მედიაში, პირად სტატუსებში აზრის გამოთქმის გამო სუს–ში დაბარება კანონდარღვევაა – დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებისა და მოქალაქეების სუს–ში დაბარებას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს კანონდარღვევა და დაშინების მცდელობაა.

“სოციალურ ქსელში, მედიაში, მოქალაქეების მიერ პირად სტატუსებში აზრის გამოთქმის გამო სუს-ში დაბარება არის საქართველოს კონსტიტუციის და კანონის დარღვევა, უფლებამოსილების გადამეტება..

ჩვეულებრივი დაშინების მცდელობა რეჟიმის მხრიდან. ნებისმიერი, ვინც ამას განახორციელებს – არღვევს კანონს, აწესებს ცენზურას, ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და დამნაშავეა..”,–წერს დეკანოიძე.

ცნობისთვის, დღეს “ფეისბუქზე” მთავარ არხზე გასული სიუჟეტის შესახებ გამოქვეყნებული პოსტის გამო სუს–ში ჟურნალისტი ნინო ჭელიძე დაიბარეს. 

გუშინ “ფეისბუქის” პოსტის გამო სუს–იდან დაურეკეს რესპუბლიკური პარტიის ლიდერს, ხათუნა სამნიძესაც.

სუს–ში მთავარი არხის 2 რესპონდენტი გამოკითხეს, რომლებმაც კორონავირუსის ყალბ დიაგნოზებზე სიუჟეტში საუბრობდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სიუჟეტის გამო დაბარებულები არიან ტვ პირველის ჟურნალისტებიც.