პარტია გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ “ნიკა მელია ციხეში – მიშას თამაშია”, ამ თამაშს კი ახლა “ქოცებიც” თამაშობენ.
ხვიჩიას აზრით, სააკაშვილმა ზუსტად იცის, რომ ხელისუფლებაში საპარლამენტო არჩევნებით ვერ დაბრუნდება, ამიტომ ამ “თამაშში” პარლამენტი არ უნდა შედგეს და პოლიტიკა ქუჩაში უნდა იყოს.
“ნებისმიერი ქოცების შეცდომა და კონფლიქტი უნდა ითარგმნოს შესაძლო რევოლუციად, რომელსაც დისტანციურად უხელმძღვანელებს სააკაშვილი და მისი წარმატების შეუქცევადობის შემთხვევაში, ჩამოვა კიდევაც, რათა ერთპიროვნულად შეუდგეს ქვეყნის ქოცების დიქტატურისგან გამოხსნას და აღმშენებლობას. ესაა მიზანი. შეიძლება ეს მოხდეს გაზაფხულზე, ან შემოდგომაზე, ან 2 წლის მერე, შეიძლება მეტიც დაჭირდეს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს”,– წერს ხვიჩია.
მისი თქმით, სააკაშვილს ამ ყველაფრის სხვისი ხელით გაკეთება გინდა, რასაც გმირი სჭირდება, ოღონდ ისეთი, მისი გმირობა რომ ვერ დაჩრდილოს. ხვიჩიას აზრით, ეს “გმირი” ნიკა მელიაა, ის სააკაშვილისთვის “იდეალური პატიმარია”
“ის [ნიკა მელია] ყველაზე ნაკლებად “სისხლისმსმელი” ნაცია უბრალო ხალხის თვალში, რომელმაც არჩევნები მოიგო და მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეა, მის მიმართ არსებული ბრალდება ბოდვაა, წინა პარლამენტი მასთან შერცხვენილია და აშ.
მიუხედავად კრიტიკული დამოკიდებულებისა, მას “გირჩიც” უფრთხილდება და “მოქალაქეებიც”. ამიტომ მიშასთვის, ნიკა იდეალური პოლიტიკური პატიმარია, ამით, მიშა გუნდის შიგნით, ნიკასგან მომდინარე საფრთხესაც ანეიტრალებს, ფასილიტატორებთან მოლაპარაკებასაც შლის და ამდენი ხნის მერე, როგორც იქნა, საჭირო მორალურ უპირატესობასაც იღებს. როცა რაღაც ძალიან უნდა მიშა ყველაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად. მისი ეს თვისება დასაფასებელი და გასათვალისწინებელია. მე არ ვიცი ნიკა ასეთ „გმირობას“ შეგნებულად დათანხმდა თუ არა, მაგრამ მე ის არ მემეტება ასეთი როლისთვის”,– წერს ხვიჩია.
მისივე თქმით, მელიას დაკავებისას გულწრფელი ჩხუბი და გაწევ–გამოწევა უნდა მოხდეს, “რაც მეტი დაშავდება, ან რაც მეტს დაიჭერენ თამაშისთვის უკეთესია”, ხოლო “როცა მელია და მისი გულწრფელი დამცველები ციხეში იქნებიან, ახალი კონფლიქტებია საჭირო ამ ხალხის ციხეში ყოფნის გასაპროტესტებლად, თუ ეს ხალხი ციხეშია, კონფლიქტები აუცილებლად მოხდება.”
“მთავარია ნიკა ციხეში აღმოჩნდეს, მოლაპარაკებები ჩაიშალოს და ყველა უმანდატოდ დარჩეს, კონსტიტუციაც იგივე დარჩება და მიშა კონსტიტუციურად იქნება დაცული კონკურენტებისგან. ამ თამაშში მისი წარმატების მაქსიმუმია ხელისუფლებაში ერთპიროვნულად მოსვლა, მინიმუმი კი 2024 წლის საპარლამენტო ბარიერის შენარჩუნება.
თუ ბარიერი 5% დარჩა, პატარა პარტიებს მიშას გარეშე პერსპექტივა არ აქვთ, თუ რამე უნდათ მიშას უნდა შეერწყან, შესაბამისად მიშა მშვიდად გააგრძელებს ამ თამაშს 2024 წლის მერეც და დაელოდება როცა ხალხი თავად დაამხობს ქოცებს. ქოცების „დამსახურებით“ კონკურენტებიც მოიშორა”,– აცხადებს იაგო ხვიჩია.
მისივე აზრით, ქართული ოცნების წევრები შესაძლო საფრთხეს ვერ გრძნობენ და დიდი ხანია “წარმატებით თამაშობენ ნაცების მთავარი მჩაგვრელის და დამამცირებლის როლს”.
“არჩევნების შემდეგ ქოცები ცხენზე ზიან და დაჯირითობენ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ საერთოდ არ ესმით რა ხდება და საფრთხესაც ვერ გრძნობენ. ისინი ხო დიდი ხანია წარმატებით თამაშობენ ნაცების მთავარი მჩაგვრელის და დამამცირებლის როლს და არ იმჩნევენ რომ ცხოვრება შეიცვალა.
უფრო მეტიც, თავიანთ ამომრჩევლებს ნიკა მელიას დაჭერაზე და ნაცების განადგურებაზე აღაგზნებენ და ჰგონიათ რო იგებენ, არადა მიშას თავად აბრუნებენ, საკუთარი უაზრობით. ზოგადად, მიშა რო კვლავ აქტუალურია ეს ქოცების ამ თამაშის შედეგია, სადაც მათ თავად გამოიგონეს იდეალური მტერი, რომლის დამარცხებაც, მხოლოდ მათ შეუძლიათ, მაგრამ ამ მტერს ახლა არსად ეჩქარება და ძველი კონკურენტების გადაყლაპვის ხარჯზე გაძლიერებული ელოდება თავის მომენტს”, — წერს ხვიჩია.
მისივე მტკიცებით, სააკაშვილი ფსონს დებს იმაზე, რომ “ქოცებს ჭკუა საერთოდ არ აქვთ”.
“მიშას თამაშის წარმატება ქოცების სიბრიყვეზე დგას, ის ფსონს დებს იმაზე, რომ ქოცებს ჭკუა საერთოდ არ აქვთ და სუსტები რომ არ გამოჩნდნენ მელიას დაიჭერენ, ხოლო როცა მიხვდებიან რაც ემართებათ, უკვე გვიან იქნება. ძალიან პრიმიტიულად თამაშობს, ამიტომაც აგებს დაუსრულებლად, მაგრამ გროსმაისტერის გარეშე დარჩენილ ქოცებს იქნებ ოდესმე მოუგოს კიდეც, ყოველ შემთხვევაში მისი რა მიდის”, — აცხადებს ხვიჩია.