პარტია გირჩის ლიდერმა, იაგო ხვიჩიას საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს მიმართა. მისი თქმით, ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აღატაკებს და მის კისერზე ადამიანების სიცოცხლეებია.
ხვიჩიამ გვენეტაძეს ჰკითხა, სად არის მისი მორალური ზღვარი, რის შემდეგაც ის თანამდებობას დატოვებს.
“ასეთი უტიფრობით, სომხეთ-აზერბაიჯანის ომი თურმე გავლენას ახდენს საქართველოში ინფლაციაზე და არ ახდენს საკუთარ ქვეყნებში. ეს რომ მოგყავთ, ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა იმისთვის, რომ დღის წესრიგში დადგეს მისი გადადგომის საკითხი, ფიზიკურად თქვენი ზღვარი რა არის.
კანონით ვერავინ ვერ გადაგაყენებთ, პარლამენტში არ არსებობს ამის რესურსები, პირობითად. მაგრამ ხომ არსებობს ადამიანური მორალი თქვენი. რა უნდა მოხდეს, რომ თქვენ თვითონ მოგივიდეთ აზრად, რომ ასე სიარული ქუჩაში არ შეიძლება, ვიღაცა მიხვდება საბოლოო ჯამში, რას ვაკეთებ, ვერ გავივლი, მერე რაღაც პრობლემები შემექმნება მომავალში. თქვენი მორალური ზღვარი სად არის, როდის გადადგებით, რა უნდა დააშავოთ მეტი, ახლა დამალული ხართ”, — თქვა იაგო ხვიჩიამ.
ხვიჩიას განცხადება გვენეტაძემ მუქარად შეაფასა და ჰკითხა: “რას ნიშნავს, პრობლემები შემექმნება? ანუ თქვენ რაღაცას მიწყობთ? თუ რაშია საქმე? ესე იგი, თქვენ მე მემუქრებით, რომ რაღაცას მომიწყობთ ქუჩაში, ხო?”
გირჩის ლიდერმა მას უპასუხა, რომ ნამდვილად ემუქრება, მაგრამ ისე არა, როგორც მას ჰგონია.
“ჩვენ გავაგებინებთ მთელ საზოგადოებას თქვენ ვინ ხართ, რა ჩაიდინეთ ზოგადად ამ ქვეყნის წინაშე, როგორ აღარიბებთ და აღატაკებთ ადამიანებს, რამდენი სიცოცხლეა თქვენს კისერზე, იმიტომ რომ უბრალოდ ფულს ბეჭდავთ. ფულს ბეჭდავთ და მერე გაუფასურებას აბრალებთ რაღაცა შოკებსა და შოკუნიებს. თქვენს კისერზე უფრო მეტი სიცოცხლეა ადამიანების, უფრო მეტი გაღატაკებაა და აგრძელებთ”,– განაცხადა იაგო ხვიჩიამ.