თბილისის მერიამ, პაატა ბურჭულაძეს 4 ოქტომბერს, 4 სცენის ნაცვლად, 1-ის მონტაჟის უფლება მისცა.
თბილისის მერია აცხადებს, რომ შეკრების ორგანიზატორებმა სცენა მხოლოდ ერთ ლოკაციაზე უნდა განათავსონ – “იმგვარად, რომ არ შეფერხდეს ტრანსპორტის გადაადგილება და ხელი არ შეეშალოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ობიექტის ფუნქციონირებას”.
“საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, საზოგადოება „რუსთაველის გამზირის“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის, პაატა ბურჭულაძის სახელით, თბილისის მერიის ადმინისტრაციაში შემოვიდა წერილი, რომლის შინაარსს, ისევე როგორც საპასუხო გზავნილს, ვასაჯაროებთ.
განმცხადებელი ითხოვს, 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე არსებულ ოთხ ლოკაციაზე სახალხო შეკრებისა და სცენის მონტაჟისთვის, მუნიციპალური და სახელმწიფო უწყებების ინფორმირებას და აღნიშნული ტერიტორიების შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფას.
განმცხადებელს პასუხად ეცნობა, რომ შეკრების ორგანიზატორებმა სცენა უნდა განათავსონ მხოლოდ ერთ ლოკაციაზე იმგვარად, რომ არ შეფერხდეს ტრანსპორტის გადაადგილება და ხელი არ შეეშალოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ობიექტის ფუნქციონირებას.
საპასუხო წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, „დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება“.
მოქალაქეების შეკრებისა და პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით, თუმცა აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს ასევე გააჩნიათ ვალდებულება, დაიცვან საქართველოს კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“, წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ღონისძიებები“, – აცხადებს თბილისის მერია.
მერიის საპასუხო განცხადებას, პაატა ბურჭულაძე ბრიფინგით გამოეხმაურა და თქვა, რომ პროტესტის მონაწილეები კანონს არ დაარღვევენ, ამასთან, მოუწოდა ქართულ ოცნებას – “არ დაარღვიონ კანონი და მოიქცნენ კანონის ფარგლებში”.
“ეს არის უმნიშვნელოვანესი კრება, რომელსაც ვატარებთ. ამის დამწერს ვეუბნები – ნუ გეშინიათ. ჩვენ მშიდობიანად მოვდივართ, ჩვენ კანონს არ დავარღვევთ, ჩვენ ვართ მშვიდობისმოყვარე ხალხი, რომელსაც გვინდა, ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი. ამიტომაც, კონსტიტუციის დარღვევა არ იქნება, გვეკუთვნის ჩვენ ეს ჩვენი კონსტიტუციით, კანონს ჩვენ არ დავარღვევთ, ოღონდ ჩვენც გაფრთხილებთ – თქვენ არ დაარღვიოთ კანონი და მოიქეცით კანონის ფარგლებში“, – თქვა პაატა ბურჭულაძემ.