„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა ყველა პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანია.
„მინდა გამოვეხმაურო 8 მარტის შეთანხმებას! ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშნვას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორეხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს.
პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც.
ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე“, – წერს გიორგი რურუა „ფეისბუქზე”.
მან ენმ–სა და ევროპული საქართველოს წევრები გამოეხმაურნენ. გიგა ბოკერიას თქმით, რურუას პოზიცია ღირსეულია, თუმცა ეს უკვე პერსონალური საკითხია.
“ამ ტიპის პოზიციის დაკავება გიორგი რურუას მხრიდან არის კიდევ ერთი ღირსეული ნაბიჯი, მაგრამ ჩვენთვის ეს არ არის პერსონალური საკითხი, ეს არ ესმის ივანიშვილსა და მისი „კლოუნების“ გარემოცვას, ეს არის პრინციპის საკითხი, რომ არავინ არ შეიძლება იჯდეს ციხეში, არ აქვს მნიშვნელობა ეს მე ვარ, უგულავა, ოქრუაშვილი, ხაზარაძე თუ რურუა იმიტომ, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა და საჯაროდ გვითხრა, რომ ახლა დაგსჯი, ანუ მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონის უზენაესობას გამორიცხავს”,– ამბობს ბოკერია.
რომან გოცირიძის განცხადებით, გიორგი რურუას პოზიცია პარტიაში იციან, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებებს მის გათავისუფლებამდე მხარს მაინც არ დაუჭერენ.
“მისასალმებელია გიორგი რურუას ეს ღირსეული საქციელი. მან მსგავსი განცხადება გააკეთა დაახლოებით ერთი თვის წინ. ვიცით ჩვენ მისი დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის უცვლელი-შეთანხმება უნდა შესრულდეს. ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს არც ერთი პოლიტიკური პატიმარი”,– ამბობს გოცირიძე.