7 მაისს, ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეს, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ინტერვიუსთვის მისულ ჟურნალისტს მეუფე ანტონი აგრესიით ხვდება და მოუწოდებს, რომ ადგილი დატოვოს. მეუფემ ჟურნალისტს მის ეპარქიაში მისვლა აუკრძალა, რაზეც მან განუცხადა, რომ მისი გადასაწყვეტია სად მივიდოდა
ინციდენტთან დაკავშირებით, ტელეკომპანია “მთავარმა’ განცხადებაც გაავრცელა, სადაც წერია, რომ ტელეკომპანია ხელისუფლებისგან მოითხოვს კანონის შესაბამისად დაისაჯოს ყველა პირი, ვინც ჟურნალისტურ საქმიანობაში, ტელეკომპანიის თანამშრომლებს ხელს უშლის, განურჩევლად მისი რელიგიური კუთვნილებისა ან იერარქიული მდგომარეობისა.
“მთავარი არხი აცხადებს, რომ გახშირდა ძალადობრივი ინციდენტები ჩვენი ჟურნალისტების წინააღმდეგ და ეს, ჩვენი შეფასებით, ატარებს მიზანმიმართულ ხასიათს. სამწუხაროა, რომ ამ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დაბალი თუ მაღალი იერარქიის წარმომადგენლები. კიდევ უფრო სამწუხარო და საგანგაშოა, რომ საქართველოს საპატრიარქო არათუ არ რეაგირებს მსგავს ფაქტებზე, არამედ ამართლებს და ამგვარად ახალისებს სასულიერო პირების მხრიდან დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებს ჟურნალისტების წინააღმდეგ”,- წერია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.