ტელეკომპანია პირველი ავრცელებს სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ინფორმაციის ფრაგმენტს, რომელიც ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტს, მეუფე ნიკოლოზს ეხება. გავრცელებული ინფორმაციით, მიტროპოლიტი რუსეთს ფულის სანაცვლოდ ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაციას აწვდიდა.
აღნიშნულ დოკუმენტებში წერია, რომ მეუფე ნიკოლოზმა ინფორმაციის სანაცვლოდ 30 ათასი დოლარი მიიღო.
“განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ნ.ფაჩუაშვილის მეგობარი, რუსეთის მოქალაქე, ლოლიტა ვლადიმერის ასული დანილინა. მათი შეხვედრები ხორციელდება როგორც ფაჩუაშილის ვიზიტისას მოსკოვში, ასევე საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ფაჩუაშვილი ხ. გოგორიშვილისგან და ხ.ოჩიაურისგან, ასევე, მ. მაჭავარიანისგან მიღებულ ინფორმაციებს დაუყოვნებლივ აწვდიდა დანილინას. არაერთგზის დაფიქსირდა დანილინას საეჭვი ინტერესები საქართველოში არსებული პოლიტიკური და სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ.
კერძოდ, ფაჩუაშვილმა 2013 წლის აგვისტოს თვეში ინტერნეტის საშუალებით დანილინას გადაუგზავნა ინფორმაცია თბილისში, კახეთის გზატკეცილი N16-ში მდებარე რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის შესახებ, სადაც 2013 წელს შემოწმების მიზნით იმყოფებოდა რუსული დელეგაცია გენადი ონიშენკოს წარმომადგენლების თანხლებით. მიტროპოლიტი დანილინას უგროვებდა ინფორმაციებს და ინტერნეტ პროგრამა სკაიპის მეშვეობით აწვდიდა მას”. – წერია დოკუმენტში ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით.
მეუფე ნიკოლოზი ადასტურებს, რომ იცნობს დოკუმენტში ნახსენებ ლოლიტა დანილინას და ის ხშირად ჩამოდიოდა სტუმარად მასთან. სასულიერო პირი უარყოფს, რომ ინფორმაციას ამ ადამიანს უგზავნიდა.
“ეს არის ჩვეულებრივი ფეიკი, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ყველამ ყველაფერი შეიძლება თქვას. რაც უფრო აბსურდულ ტყუილს მოიგონებ, მით უფრო შეიძლება ადამიანს”,– უთხრა მან TV პირველს.