თეოლოგი ბასილ კობახიძე მიტროპოლიტი პეტრეს პატრიარქისადმი ბრალდებას ეხმიანება და ამბობს, რომ პატრიარქი მალავს ამგვარ სკანდალებს და ხელს აფარებს მათ გამომწვევ პირებს, თუმცა ბრალდება პირადად მისი ჰომოსექსუალობის შესახებ ცილისწამებაა.
,,სექსუალური სკანდალების შესახებ ვწერდი, მაგალითად, ჩემს უკანასკნელ ღია წერილში პატრიარქის მიმართ, 2007 წელს. პატრიარქი მალავს ამგვარ სკანდალებს და ხელს აფარებს მათ გამომწვევ პირებს.
ჩემი პოზიციაა, რომ მეუფე პეტრეს ბრალდება პირადად პატრიარქის ჰომოსექსუალობის შესახებ არის ცილისწამება. მე მრავალი წლის განმავლობაში ვიყავი პატრიარქის ახლო თანამშრომელი და საკუთარი თვალით ვხედავდი მის ყოველდღიურ ცხოვრებას, პატრიარქი არც ჰომოსექსუალია და არც ქალებთან ჰქონია ურთიერთობა, ის პატიოსნად ასრულებდა ბერობის ქალწულების აღთქმას”,- წერს კობახიძე.
კობახიძე აღნიშნავს, რომ მეუფე პეტრეს უფლება აქვს, სინოდმა მისი ბრალდება განიხილოს, მაგრამ ნაცვლად ამისა, მომავალ სინოდზე მისი და მამა ანდრია სარიას ეკლესიიდან განკვეთას აპირებენ.
,,მეუფე პეტრეს, როგორც მღვდელმთავარს, სრული კანონიკური უფლება აქვს, ბრალდებები წაუყენოს პატრიარქს და სინოდი ვალდებულია ეს განიხილოს საეკლესიო სასამართლოზე. მაგრამ სინოდის წევრები უკანონოდ სრულ იგნორირებას უკეთებენ მეუფე პეტრეს მოთხოვნებს და უფრო მეტიც, მომავალ სინოდზე მის და მამა ანდრია სარიას განკვეთას აპირებენ. ეს იქნება კიდევ ერთი სკანდალური უსამართლობა, როდესაც საპატრიარქო ტანკივით გადაუვლის ადამიანებს საზოგადოების სრული ინდიფერენტულობის ფონზე”,- აცხადებს ბასილ კობახიძე.
მისივე განცხადებით, მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ღირსეული და გულწრფელი ადამიანია, რომელმაც თავი ბოლომდე დადო სიმართლისათვის და ჩვენი რეალობაში ეპისკოპოსისაგან ასეთი თავგანწირვა ძალიან დასაფასებელია.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ განაცხადა, ის განაყენეს და ამის მიზეზად საპატრიარქოში “მამათმავლობის მხილება” დაასახელა. მიტროპოლიტმა პეტრემ თქვა, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II “პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილია”.